
“როცა პირველად შემიყვარდა, ორივე თინეიჯერები ვიყავით. მატყუებდა, რომ სერიოზულად იყო ავად და დღე-დღეზე მოკვდებოდა. როგორც თვითონ მეუბნებოდა, მისთვის ნერვები არ უნდა მომეშალა და სრულად დავმორჩილებოდი. ამ მანიპულაციით შემაწყვეტინა ურთიერთობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მივატოვე უნივერსიტეტი, წამოვედი სამსახურიდან, არ მქონდა პირადი სივრცე, სახარჯო ფული, გადაწყვეტილების მიღების უფლება… მცემდა, მაყენებდა შეურაცხყოფას და ჩემს საღ გონებაში ეჭვის გაჩენას ცდილობდა.
ერთ დღეს გამომიცხადა, სექსი უნდა გვქონდესო – დაუცველი, შეუთანხმებელი, მტკივნეული ფიზიკურად და სულიერად, მაგრამ, აბა, ხო არ ვანერვიულებდი და მოვკლავდი? ახლაც ცუდად ვხვდები, როცა ამას ვიხსენებ. ეს გაუპატიურება იყო. მაშინ ნახევრად გათიშული, ფსიქოლოგიური ძალადობისა და მუდმივი კონტროლისგან ძალაგამოცლილი ვიყავი.
ამის შემდეგ რამდენჯერმე გვქონდა სექსი – ყოველთვის ძალდატანებით, ყოველთვის დაუცველი. საბედნიეროდ არ დავორსულდი და კეთილი ხალხის დახმარებით მისგან თავის დაღწევაც მოვახერხე.
ძალიან მინდა, ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგეს. 9 წელი გავიდა, 28 წლის ვარ და დღემდე არ მიმიღია სიამოვნება ფიზიკური შეხებისას. დაშორებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ნებისმიერი ადამიანის შეხება მძაბავდა, წლობით მაწუხებდა და ზოგჯერ ახლაც მაქვს კოშმარული სიზმრები.
ყველაფერი, რაც არ ემყარება თქვენს თანხმობას – ძალადობაა; როდესაც სექსი არ გინდათ და გაიძულებენ, ეს გაუპატიურებაა.
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი – ქმარი, შეყვარებული თუ საქმრო, თუ თქვენი თანხმობა არ არსებობს და ის თქვენი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა, ის მოძალადეა.”
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
