საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.
საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი, მთავრობასა და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან წლებია თანამშრომლობენ. ევროკავშირის დახმარებით, საქართველოში შეიქმნა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 4 თავშესაფარი, 3 კრიზისული ცენტრი და ეროვნული ცხელი ხაზი (116 006), რომელიც ადამიანებს ეროვნული უმცირესობების ენებზეც ემსახურება.
ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობას გენდერული თანასწორობისა და გენდერული ძალადობის საერთაშორისო სტანდარტებთან. კანონში ჩასწორებებისა თუ დაზუსტებების შეტანა, ხელს უწყობს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, სტიგმების აღმოხვრასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების კანონით გაწერა კი აქრობს დაუსჯელობის შეგრძნებას მოძალადეებში.
ევროკავშირმა ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია სხვადასხვა პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის პრევენციას, მსხვერპლთა დაცვას და ძალადობაზე რეაგირების ინსტიტუტების გაძლიერებას. ძალადობის აღმოხვრა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე აუცილებელია ძალადობაგამოვლილ ადამიანებს შესაბამისი ფიზიკური/ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ტრავმების დაძლევის პროცესში. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ევროკავშირის ფინანსური დახმარება.
ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, სასამართლო და სოციალურ სამსახურებთან, რათა გააუმჯობესონ გენდერული ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება. ეს მოიცავს პოლიციელების, მოსამართლეების და სოციალური მუშაკების ტრენინგს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების დროს. ძალადობაგამოვლილი ადამიანისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენდობოდეს სამართალდამცველს, მოსამართლესა თუ სოციალურ მუშაკს, რომ შეძლოს მომხდარი ფაქტის მათთან გაზიარება და შესაბამისი დახმარების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გარშემო, სამწუხაროდ, გენდერული ძალადობის შემთხვევებს ხშირად ვაწყდებით, საზოგადოების ნაწილისთვის ჯერ კიდევ უცნობი და გაუგებარია, რას მოიაზრებს გენდერული ძალადობა და როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ ამ დროს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა პროექტისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით, ევროკავშირი მხარს უჭერს ცნობიერების ამაღლების კამპანიებს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით. საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია ძალადობის აღმოფხვრა და მის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმა.
ქარდები შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად
ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “გრლზვეივი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #KAS #CSF #EPRC #IJH #UnitedGeorgia4Europe





