
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც სასულიერო პირი ბავშვებს უხსნის, თუ რა არის ქალისთვის მთავარი სამკაული. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, მორჩილება არის ის თვისება, რაც ქალს განსაკუთრებულს ხდის.
ქვეყანაში, სადაც ყოველ წელს, ფემიციდის ათეულობით შემთხვევა ხდება;
ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მაღალია ოჯახური ძალადობის შემთხვევებთა რაოდენობა;
ქვეყანაში, სადაც ქალებს ყოველდღიური ბრძოლა უწევთ საკუთარი სიცოცხლის, უფლებების დასაცავად და თავის დასამკვიდრებლად;
არსებობენ სასულიერო პირები და არა მარტო, რომლებიც პატარა ბავშვებს ასწავლიან, რომ “ქალისთვის მთავარი სამკაული მორჩილებაა”, ეუბნებიან, რომ “მხოლოდ ისეთ ქალთან დაიჭირონ ურთიერთობა, რომელიც ბუნებით მორჩილია”.
მორჩილება საამაყო თვისება არ არის! დაუშვებელია ბრმად მიჰყვე ვინმეს, მათ შორის პარტნიორსაც, რადგან ამ პროცესში კარგავ ყველაზე მნიშვნელოვანს — საკუთარ თავსა და იდენტობას. მორჩილება არ ნიშნავს სიყვარულს და სიყვარული არ გულისხმობს მორჩილებას!
ნებისმიერი ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა, რაც აუცილებლად გულისხმობს ერთმანეთის პირადი სივრცის დაცვას, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობასა და გათვალისწინებას.
ჩვენი მიზანი არ არის ქალების მორჩილება! ჩვენი მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნა, სადაც ყველა ქალს ექნება უფლება და შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი და იბრძოლოს სხვისი უფლებებისთვისაც!
