
ფემინიზმის მესამე ტალღა იმ ფემინისტურ აქტივიზმს გულისხმობს, რომელიც 90-იანი წლებიდან დღემდე განაგრძობს არსებობას.
#FemFacts
ასეთი ტიპის ფემინიზმი აკადემიური დებატებით ხასიათდება. იგი თვითკრიტიკული და თვითრეფლექსიურია. მაგალითად, მესამე ტალღის ფემინიზმი მეორე ტალღის ფემინიზმს დასავლეთზე ორიენტირებულობის, ჰომოგენურობისა და ჰეტერონორმატიულობის გამო აკრიტიკებს.
ეს მოძრაობა რასის, გენდერისა და ისტორიული კონტექსტის მიმართ უფრო სენსიტიურია. ამიტომაა, რომ ამ ტალღის ფემინიზმი არადასავლელი, შავკანიანი აქტივისტი ქალების ნაშრომებითაა მდიდარი.
მესამე ტალღის ფემინიზმი ეჭვქვეშ აყენებს იმ დაშვებასაც, რომლის მიხედვით ქალი, როგორც ფემინიზმის უნივერსალური სუბიექტი, ხოლო ჩაგვრა, როგორც საერთო გამოცდილება არსებობს. მას მიაჩნია, რომ “მესამე სამყაროს” ქალებისა და “დასავლელი” ქალების ერთ უნივერსალურ კატეგორიად მიღება, კულტურული და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, არასწორია.
ამ მოძრაობას ახასიათებს კულტურული აქტივიზმიც. მესამე ტალღა პოპ კულტურასა და მასმედიას ინტენსიურად იყენებს, როგორც ბრძოლის იარაღს. მათთვის კინოში, სერიალებში, ლიტერატურაში, მუსიკასა თუ მედიაში გენდერთან დაკავშირებული საკითხების სწორი და არადისკრიმინაციული რეპრეზენტირება უმნიშვნელოვანესი პრობლემა და უმთარესი მიზანია.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
