ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე” ⚽️
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასების ანგარიშის თანახმად, „გენდერული უთანასწორობა სპორტში, არის მსოფლიო მასშტაბის გამოწვევა, რომელიც შესაძლოა მრავალი სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული: მასობრივ სპორტში მამაკაცთა და ქალთა არათანაბარი ჩართულობა; კაცებთან შედარებით ქალთა დაბალი ფიზიკური აქტივობა; სპორტულ სექციებსა და ფიზიკურ აღზრდაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა; სტერეოტიპული დამოკიდებულებები „კაცთა“ და „ქალთა“ სპორტის შესახებ; პროფესიულ სპორტში ქალი სპორტსმენების დაბალი ჩართულობა; ქალი სპორტსმენების მონაწილეობით სპორტული შეჯიბრებების მედია გაშუქების დაბალი სიხშირე; სპორტული ორგანიზაციების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა არათანაბარი მონაწილეობა; ქალებისა და კაცების არათანაბარი ხელმისაწვდომობა სფეროში არსებულ რესურსებსა და მატერიალურ სიკეთეებზე და სხვა“.
იმავე ანგარიშის შესაბამისად, „სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას ნაკლებად არის გათვალისწინებული გენდერული ასპექტები.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის შემუშავების პროცესში ქალები და კაცები არ არიან თანაბრად ჩართულნი. გარდა ამისა, სპორტის სფეროში ქალებსა და მამაკაცებზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გენდერული ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უდიდესი წილი მიდის კაცებით დომინირებული სპორტის სახეობების დაფინანსებაზე, ხოლო სხვადასხვა პროგრამებისთვის გამოყოფილი ხარჯები და შესაბამისი ინდიკატორები მეტწილად არ ითვალისწინებენ გენდერულ ასპექტებს.
ამასთან, სპორტის პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ განათლებასა და სპორტში არ არის გათვალისწინებული სამართლიანობისა და ჩართულობის კომპონენტი, და არაფერია ნათქვამი გენდერულ საკითხებზე. შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგები ძირითადად არ არის განხილული გენდერულ ჭრილში. სპორტის პოლიტიკის დოკუმენტები არ მოიცავს დაფინანსების ისეთ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რესურსების იმგვარად გადანაწილებას, რომ სპორტის სფეროში ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და მამაკაცების ფინანსურ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და გენდერული სამართლიანობის პრინციპების დაცვას“.
წყარო – https://bit.ly/3bScqFM
Credits to Sakura Shiro





