ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადებას, ნინო წილოსანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, GrlzWave-იც უერთდება. ჩვენ სრულად ვიზიარებთ აღნიშნული განცხადების შინაარსა და მიზანს.

ჩვენთვის მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და ახალისებს ძალადობას.

შეგახსენებთ:

ნინო წილოსანმა საჯაროდ მხარი დაუჭირა შალვა რამიშვილს, რომელიც რამდენიმე ქალმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა;

ნინო წილოსანი 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი იყო, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის სრული გაქრობა იყო;

სულ რამდენიმე დღის წინ, 27 ივნისს, ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა.

ნინო წილოსანი თავის მოვალეობას მხოლოდ დეკლარირებულად არსულებს, ამ თანამდებობას ეფექტური მუშაობისთვის კი სჭირდება ადამიანი, ვინც საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის იდეებს.