“ქორწინებაში 6 წელზე მეტი ვიმყოფებოდი. 4 წლის წინ, მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი სახლიდან წამოვედით. ეს მისგან წამოსვლის მესამე მცდელობა იყო, თავის დახსნა და რამდენიმე წუთს სიმშვიდეში ყოფნა მინდოდა, გამერკვია, სად ვიყავი სამყაროში. ერთადერთი მოვალეობა მქონდა, შვილი და საკუთარი თავი გადამერჩინა. ურთულესი პერიოდი გამოვიარე, თუმცა მეამაყება, რომ ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისის შემოქმედი თავად ვიყავი.

წლების განმავლობაში მუდმივ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას განვიცდიდი. მჯეროდა, რომ ამ ყველაფერს დავძლევდი, მაგრამ ამაოდ. “გამოსწორებას” წლები შევწირე. ახლა უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქორწინების განმავლობაში, გენდერული ნიშნით დისკრიმინირებული ვიყავი.

სახლიდან წამოსვლის შემდეგ,რამდენიმე თვეში დაიწყო მისი შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარები, აკნინებდა ჩემს დედობასა და ქალობას, მადანაშაულებდა ოჯახის დანგრევაში, მამუნათებდა, მუდმივად იგინებოდადა, ჩხუბობდა. მივმართე პოლიციას, რომელმაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. მახსოვს, პირველი შვება, თითქოს გარანტირებული თავისუფლება მელოდა წინ. ყოველ ეტაპზე, წლების განმავლობაში, თან მსდევდა შიში, მომავლის შიში, როგორ დამებრუნებინა საკუთარი თავის იმედი, რომელიც მოძალადემ 6 წლის განმავლობაში დამაკარგვინა. ახლა ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა. მან დღემდე იცის, ვინ ვარ და სწორედ “საკუთარი ოთახის” გასაღები დამიმალა, წინ რომ აღარ წავსულიყავი. სასამართლო შედგა, მოძალადის სტატუსი მიენიჭა, და შემდეგ იწყება დაბეჩავებული, თვითრწმენადაკარგული, ძალადობა გამოვლილი, მარტოხელა დედობის ისტორია.

ჩემი ოჯახის დახმარებით გავაგრძელე ბავშვისა და ჩემი პირადი თერაპია. ეს წყალივით მჭირდებოდა. თუმცა, მოძალადე აგრძელებდა მანიპულაციას, ყურადღების მიქცევის მიზნით ისტორიებს იგონებდა, მისი ოჯახის წევრებისგან მოდიოდა მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი შეტყობინებები, ზარები, რომ გავჩუმებულიყავი, არ მიმემართა ალიმენტზე სასამართლოსთვის. რა თქმა უნდა, მივმართე პოლიციას.

მარტოხელა დედის ცხოვრება საქართველოში, გენდერულად ნაკლებად სენსიტიურ გარემოში, აუტანელია. თითქოს ყოველი დღე ახალი ბრძოლა და მცდელობაა, გადარჩე ფსიქიკურად, იყო საკმარისი, აღზარდო ღირსეული შვილი – ადამიანი. დიახ, ეს ომია და მე წინ მივიწევ. ურთულეს პერიოდში მოვახერხე სწავლის გაგრძელება, პარალელურად ვმუშაობდი, სადაც მიზნად დავისახე, რომ ყოველდღიურად განვითარებულიყავი და მესწავლა.. ვზრუნავდი შვილზე, რომ ბავშვური სილაღე არასდროს დაეკარგა.

რთული იყო, როდესაც გერმანიიდან მიღებულ წერილს უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან დაკავშირებით უარით ვუპასუხე. იმ წელს უარი ვთქვი ცხოვრებისგან მოცემულ შანსზე. სხვა მოვალეობები მქონდა, ტკბილ-მწარე მოვალეობა, რომელსაც შვილი ერქვა. გადაწყვეტილება მივიღე, რომ შვილის გარეშე ვერ წავიდოდი. დაველოდე სასამართლოს, სადაც ყოფილმა პარტნიორმა ხელი მოაწერა ბავშვის ჩემთან წამოსვლას მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყვანაზე არ იყო თანახმა.

ნათლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალადობის თითოეული გამოვლინება მოძალადის მხრიდან მისი თანმდევი სტილია ძალადობაგამოვლილი ქალის მიმართ. სასამართლო პროცესების დროს, ეს ცხადად იჩენს თავს. 2 წელზე მეტხანს, სასამართლო პროცესების დროს (ახლაც არ დამთავრებულა) ერთი და იმავე სტილი აქვს შენარჩუნებული მოძალადეს, მცდელობა, დაგიგდოს თვითშეფასება, დაგარწმუნოს, რომ არარაობა ხარ, დაგაჯეროს, რომ არ გამოგივა, უბრალოდ “ფართხალებ”; განგიმტკიცოს ქორწინებაში ნათქვამი თავისივე ფრაზები, რომ “ბოდავ”, “ფსიქიკურად აშლილი ხარ”, “ბეჩავი ქალი ხარ”, “არაფერი იცი”, “შვილის და ოჯახის მოსავლელად და გასაჩენად დაიბადე და მაგასაც ვერ აკეთებ კარგად”, “ფემინისტკა,” “ბავშვობის ტრამვებით სავსე ხარ”, “დეგენერატო” … და ა.შ. (ეს იმ ფრაზების ნაწილია, რომლებიც სასამართლოს პროცესზე არგუმენტებად წარვადგინეთ, როგორც სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობა).

4 წელი გავიდა ჩემი ახალი ცხოვრების დაწყების მცდელობიდან…. დავუბრუნე საკუთარ თავს ყველა უფლება, რაც ისედაც ჩემი იყო. უფრო მეტად გავაძლიერე საკუთარი სამყარო, რომელიც ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარია. ჩემს თავს და შვილს ყავს რეალიზებული, წარმატებული, მშვიდი, ბედნიერი, გეგმებით სავსე დედა, მეგობარი. მადლიერი და თავისუფალი ვარ. დღეს უკვე მაქვს დოკუმენტი – ჩემი შვილის წაყვანა შემიძლია ყველგან, სადაც კი სტუდენტობას მოვინდომებ. წინ დიდი გზაა, ფერადი და ცოტა რთულიც, მაგრამ შევძლებ!

ჩემს ისტორიას, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და საინტერესო მწერლის სიტყვებით დავასრულებ: “აბა, მაგრად გოგოებო”! (ვირჯინია დეპარტი).
მე რუსა ბართიშვილი ვარ და ეს ჩემი ისტორიის მცირე ნაწილია. მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ ჩემი პირადი ისტორია დასამალი არაა, რადგან ჩვენ ქალები, მარტოხელა დედები, ჩვენი ცხოვრების გმირები ჩვენვე ვართ. ეს საკუთარ ცხოვრებაში დავინახე.”

ილუსტრაცია: Sophie Matchavariani

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.

ისტორიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT