
“ყოველდღე უნივერსიტეტში მოსვლის მეშინია. რომ ჩავირიცხე, უბედნიერესი ვიყავი, არც მეგონა, თუ უნივერსიტეტში წასვლა ამხელა სტრესსა და შფოთვას გამოიწვევდა ჩემში. სწავლა რომ დაიწყო, ყველასთან მეგობრული ვიყავი, ყველას გაცნობა მინდოდა. და მართლაც, გავიცანი ერთი ბიჭი, ჩემი კურსელი. ისეთ შთაბეჭდილებას მიტოვებდა, თითქოს მოვწონდი, მაგრამ მივახვედრე, რომ შეყვარებული მყავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, welcome party ტარდებოდა. წვეულებიდან შორიახლოს ჩამოვჯექი, კამპუსის ეზოში. ხალხისგან მორიდებულ და ბნელ ადგილას ვიჯექი, როცა გამოჩნდა. ისეთი მთვრალი იყო ბარბაცებდა, გვერდით ორი მასნაირად მთვრალი ძმაკაცი ჰყავდა. ძალიან შემეშინდა. რასაც მეტყოდა იმას ვაკეთებდი, მეშინოდა ჩემთვის რამე არ დაეშავებინა. წვეულებაზე ძალით წამათრია, რომ მივდიოდით მკერდზე ხელი მომიჭირა და ჩემი კოცნა სცადა. ძლივს დავუსხლტი ხელიდან და მეგობრებთან გავიქეცი.
სინდისი მაწუხებს, რომ ჩემზე ამ ყველაფერს დიდი გავლენა აქვს. ის ხომ მთვრალი იყო? ალბათ, არც ახსოვს. ყველაზე უარესი კი ისაა, რომ იგი უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მეგობრული ბიჭია. მას ყველა იცნობს. უნივერსიტეტის მეგობრებს ვერ ვეუბნები, მგონია, არ დამიჯერებენ. არადა დღემდე ყოველდღე მიწევს მისი ნახვა. ვხედავ, სხვა გოგოებს, როგორ ელაპარაკება. მეშინია, მათაც რამე არ დაუშავოს. მოსაბეზრებელია, ყოველ დღე შიშში ცხოვრება, მაგრამ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ მაქვს.”
#grlzwave_storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
პროექტის მხარდამჭერია fillia.die. frauenstiftung
