შირინ აბუ აკილა, პალესტინურ-ამერიკული წარმოშობის ჟურნალისტი 25-წლიანი გამოცდილებით, გასულ ოთხშაბათს მაშინ მოკლეს, როდესაც ის ისრაელის სამხედროების რეიდს აშუქებდა. ის არაბულ სამყაროში ძალიან ცნობილი ჟურნალისტი იყო და წლების განმავლობაში აშუქებდა პალესტინელების რთულ ყოფას.

ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ისრაელის ძალებს ჟურნალისტის “განზრახ მიზანში ამოღებისა და მკვლელობისთვის” პასუხისმგებლობა დააკისროს.

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელის პოლიცია თავს დაესხა ადამიანებს, რომლებიც შირინ აბუ აკილას სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობდნენ. 13 მაისს მომხდარი დარბევის დროს ძალოვნებმა ხელკეტები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს იმ საავადმყოფოსთან შეკრებილთა წინააღმდეგ, საიდანაც ჟურნალისტი გამოასვენეს.