
“ჩემი პირადი ისტორიისაა და გამოცდილების საჯაროდ გაზიარებისას, ბევრი დეტალია, რისი ხმამაღლა გაჟღერებაც, სამწუხაროდ, არ შემიძლია. სასამართლო პროცესიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, რადგან კონკრეტული დეტალები მოძალადის პირად ცხოვრებას უკავშირდება.
ყველაფერი ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობის დროს დაიწყო. თავიდან ვერ ვიაზრებდი კარგად, რა ხდებოდა. ჩემი უფროსი, დანიელი (მაჰმუდ იუსსეფი ნეჯად კარდუნ), ხშირად მეუბნებოდა უხეშ რეპლიკებს, მავიწროვებდა და მანიპულაციური გზებით ცდილობდა, ჩემზე გავლენა მოეხდინა. ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ხელზე გაუგებარი ტიპის სითხე დამასხა და მთხოვა, გემო გამესინჯა. მერე კი მითხრა, რომ ეს ლუბრიკანტი იყო.
როცა შენ თვითონ ხარ ამ ყველაფრის მონაწილე, რთულია მიხვდე, რომ რეალურად მსხვერპლი ხარ. მეც ვფიქრობდი, რომ ჩივილს და სასამართლოს აზრი არ ჰქონდა, თუმცა დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – დანიელი ვეღარასდროს შეძლებს შემვიწროვებლის სტატუსის მოშორებას და ყველას, ვინც მასთან ოდესმე მოხვდება, ეცოდინება, ვისთან აქვს საქმე. ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო.
5 წლის წინ, მაშინ, როცა მის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ წელს, 8 ივლისს მოვიგე სასამართლო. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა “პარტნიორობა ადამიანის უფლბებისთვის” – PHR-ის მთლიან გუნდს თავდაუზოგავი შრომისთვისა და ნდობისთვის. როგორც აღმოჩნდა, ჩემი შემთხვევა რიგით მესამეა სასამართლოში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, და იმედი მაქვს, ეს იქნება მოტივაცია თქვენთვის, ილაპარაკოთ მოძალადეებზე, რადგან დაუჯერებელია, რომ საქართველოში მხოლოდ სამი ასეთი შემთხვევა არსებობდეს.
ძალიან რთული და სტრესულია იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ ვიღაცას უნდა უჩივლო, მაგრამ სანამ სასამართლომდე მიხვალ, არანაკლებ რთულია გაიაზრო, რომ მსხვერპლი ხარ. ახლა, დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ 5 წლის წინანდელ ამბებს, ვერ ვხვდები, როგორ ვერ ვიაზრებდი, რომ სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ვიყავი. სხვა ადამიანის ქცევებზე სახელის დარქმევა არც ისე მარტივია, სულ ცდილობ, რაღაცით გაამართლო, გამოაძვრინო. “იქნებ ასე არ უნდოდა?”, “იქნებ უბრალოდ მემეგობრება”? სამწუხაროდ, მოძალადეებს აქვთ უნარი, დაგაჯერონ, რომ ყველაფერი შენი (ჩვენი) ბრალია.
რაც უფრო დიდ დროს ატარებ ამ გაურღვეველ წრეში, მით უფრო რთულია თავის დაღწევა. სამსახურში შევიწროება შედარებით კიდე განსვავებული პრაქტიკაა, რადგან ერთი მხრივ, ცდილობ, სამსახურიც შეინარჩუნო და ასევე, უფროსთანაც ადეკვატური ურთიერთობა გქონდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან გვიწევს, რადიკალური გადაწყვეტილებები მივიღოთ და არც ერთი წამით არ ვნანობ ჩემს სამართლებრივად გადადგმულ ნაბიჯებს.
იმედი მაქვს, ჩემი ისტორია ვინმესთვის მოტივაციის მიმცემი იქნება, რომ არ გაჩუმდეს და იბრძოლოს საკუთარი უფლებებითვის და ღირსებისთვის. აუცილებელია მოძალადემ, ან შემვიწროვებელმა რაღაც ტიპის ზიანი მაინც მიიღოს, თუნდაც ეს იყოს მათი მხილება და რეპუტაციის შელახვა. მათთვის ეს ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ მსგავსი ქცევა აღარ გაიმეორონ. ამიტომ, ნუ გაჩუმდებით!”
ნინია კუტალია
#grlzwave_storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
პროექტის მხარდამჭერია fillia.die.frauenstiftung
