
„ძალიან მიჭირს დეტალების გახსენება, მაგრამ მჯერა, რომ ამის მოყოლა რამდენიმე ადამიანს მიანც დააფიქრებს და უბიძგებს, რომ ასეთი ისტორია არასდროს დამალოს.
როცა ეს ამბავი მოხდა, მე-7-8 კლასში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს, რადგან სტრესული მომენტების დამახსოვრება რთულია. ბავშვობიდან დღემდე საცხოვრებელი არ შემიცვლია, ამიტომ მეზობლების უმეტესობას ვიცნობთ და ისინიც კარგად გვიცნობენ.
ერთ დღეს, როდესაც მასწავლებლიდან სახლში ვბრუნდებოდი, მივედი ლიფტთან და ისე მოხდა, რომ როცა შევედი, მაშინვე შემოვიდა უცხო კაცი. მომერიდა უკან გასვლა, ამიტომ დავრჩი.
სანამ მეშვიდე სართულზე ავიდა, ჩემკენ იყო შემობრუნებული და ლიფტის კარის მიმართ ზურგით იდგა. მორიდებით ვუთხარი, რომ არ შეხებოდა ლიფტის კარს, რადგან გაიჭედებოდა, მაგრამ დაჟინებული მზერით მიყურებდა და თავს არ მანებებდა, ჩემს გაფრთხილებას ყურადღებაც არ მიაქცია. ღმერთს ვთხოვდი, რამე არ მომხდარიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიფტი გაიჭედა. წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნებოდა 90-იანების ლიფტის ამუშავება, მაგრამ ამ კაცმა, როგორც ჩანს, იცოდა, როგორ აემუშავებინა და მითხრა, შემომახტი და იმ ლიფტის ნაწილს მოკიდე ხელიო. იმდენად დავიბენი და შემეშინდა, ვერ გავიაზრე, რას ნიშნავდა ეს. დავუჯერე, მაგრამ გულში ვფიქრობდი, ამ კაცს ჩემზე დიდი ხელი აქვს, როგორ შეიძლება ვერ მიწვდეს-მეთქი, მაგრამ მაინც ვაჯერებდი ჩემ თავს, რომ ეს ის არ იყო, რასაც ვფიქრობდი, რომ ეს უბრალოდ ლიფტის გაღების მცდელობა იყო.
მერე ჩამომსვა, მერე ისევ შემახტიო, თან ხელებს მიფათურებდა, რაღაცნაირად მამოძრავებდა როცა ხელში ვყავდი. ძალიან შემეშინდა, მივხვდი, რომ რაღაც ისეთი მოხდებოდა, რაც ძალიან დამანგრევდა. (ახლაც, წლების მერეც კი მეტირება და მეცოდება ჩემი თავი, როგორი დაუცველი და უსუსური აღმოვჩნდი). არ გავუუპატიურებივარ, რადგან ვთქვი, რომ ასთმა მქონდა და თუ ლიფტის კარი არ გაიღებოდა გული წამივიდოდა. ამის თქმიდან 2 წამში ლიფტი გააღო.
სახლში მივედი, არავინ იყო, რომ ყოფილიყვნენ აუცილებლად შეამჩნევდნენ, რომ არ ვიყავი კარგად. ბევრი ვიტირე, მამასთვის ამ ამბის მოყოლა შემრცხვა, თან ისიც რომ გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ამას, (ალბათ მამა ახლა ციხეში იქნებოდა) ვერ გავბედე თქმა. ამ შედეგებზე რომ ვფიქრობ დღესაც ვამართლებ ჩემს უთქმელობას, მაგრამ უბრალოდ კითხვა მიჩნდება – დედა არ ჰყავთ ამ ადამიანებს, ან უბრალოდ ახლო ადამიანი? მე ხომ ვიღაცის შვილი ვარ, მეც ხომ ოჯახი მყავს, რომელებსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარვარ და ჩემი ცუდი საშინლად სტკივათ. როგორ ბედავენ ასე მოექცნენ ადამიანებს?
არასდროს თქვათ, რომ თქვენამდე არ მოვა ის, რასაც თქვენ გვერდს უვლით და უგულვებელყოფთ. ჩაერიეთ, მოუსმინეთ ადამიანებს, იმოქმედეთ, რადგან ეს ყველას ჭირია და განსაკუთრებით ჩვენი, ქალების. სინამდვილეში ჩვენ არ ვართ დაუცველები, უდიდესი ძალა გვაქ, ერთად დგომა შეგვიძლია. ყველაფრის შეცვლის ძალა ერთიანობაში და თანადგომაშია. მე მჯერა ამის.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა. შენი ისტორიის გაზიარება შეგიძლია აქ: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSc5TV6B9DlSt2VweXntueA_2riywZlKYSBYuGfSiciEW6_JpQ/viewform?usp=sf_link
საქართველოში ბავშვებსა და მოზარდებზე ძალადობენ ❗მოქმედების დროა ❗
#GrlzWave_Storiesworthsharing
Illustration by Salome Jokhadze
პროექტი მხარდაჭერილია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ (Embassy of the Netherlands in Georgia). გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს საელჩოს პოზიციას.
