⚠️ ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და იზრდება პიროტექნიკის გამოყენების რიცხვიც. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თუ რატომაა საშიში და საზიანო პიროტექნიკის გამოყენება ადამიანებისთვის, ცხოველებისთვისა და ბუნებისთვის.
1️⃣ ქიმიური შემადგენლობა და მძიმე მეტალების გავლენა ჯანმრთელობაზე
პიროტექნიკის შემადგენლობაში შედის ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა: ნახშირი, გოგირდი, დენთი, კალიუმის ქლორატი და ე.წ. ლითონის მარილები, რომლის დამსახურებითაც ვიღებთ განათების ფერსა და ვიზიალურ ეფექტს. აფეთქებისას კი, ფოიერვერკი გამოყოფს მძიმე მეტალებს, რომლებიც არღვევენ ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, მტვრის ნაწილაკები ზიანს აყენებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემას.
2️⃣ სათბური გაზები
როგორც წვის ნებისმიერი პროცესი, პიროტექნიკაც იწვევს ნახშირორჟანგის წარმოქმნას, CO2-ის მომხმარებელი მცენარეები კი ზამთრის პერიოდში ძილის ფაზაში იმყოფებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ პიროტექნიკის შედეგად გარემოში გამოყოფილი ნახშირორჟანგი ჰაერში რჩება.
3️⃣ გაუსაძლისი ხმა და ხმაური
პიროტექნიკით გამოწვეული ხმაური სამწუხაროდ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც გარეული, ისე შინაური ცხოველებისთვის. მოულოდნელი ხმაური გარეულ ცხოველებში პანიკას იწვევს, ამიტომ უსაფრთხოებისთვის გზებზე გამორბიან და ბევრი მათგანი ავარიის შედეგად იღუპება.
ვისაც შინაური ცხოველები გყავთ, არ შეგიმჩნევიათ, როგორ ეშინიათ მათ ძლიერი ხმაურისას? გულისცემა ხშირდება, პანიკაში მყოფ ცხოველს კი შეიძლება გული გაუსკდეს. მიუსაფარი ცხოველები ხშირად ჰაერში გამოყოფილი სხვადასხვა ნივთიერებებით დამწვრობებს იღებენ.
ფრინველები დაბნეულობის გამო, ორიენტირებას ვეღარ ახერხებენ და ხშირად, სხვადასხვა შენობასა და კედელს ეჯახებიან.
4️⃣ პიროტექნიკის გამოყენება ზრდის დამწვრობებისა და სხვადასხვა ფიზიკური ტრავმების მიღების რისკს
ახალი წლის პერიოდში, დამწვრობის ცენტრში მიმართვიანობა იზრდება, რადგან ადამიანებს პიროტექნიკით მიყენებული დამწვრობის შედეგადად გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ. ხშირია კიდურების დაკარგვის შემთხვევებიც.
⚠️ უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტი შეიძლება ხელში აგიფეთქდეთ; თუ პიროტექნიკის შენახვის ნორმები დაცული არ არის, იზრდება მისგან გამოწვეული შესაძლო დაზიანებების მიღების რისკიც. სამწუხაროდ, ბაზარს არავინ აკონტროლებს, შესაბამისად არავინ იცის, პროდუქტის რეალური ხარისხი.
თუ გინდა, რომ ახალი წლის დღესასწაულმა ყველასთვის მშვიდობიანად ჩაიაროს, ნუ გამოიყენებ პიროტექნიკას! გაუფრთხილდით პირველ რიგში საკუთარ თავს, გარემოს და თქვენ გვერდით მცხოვრებ ცხოველებს.