ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი მენსტრუალური ციკლის დასასრულის დასაწყისია. მენოპაუზა ციკლის შეწყვეტიდან 12 თვის თავზე დგება. მენოპაუზის სიმპტომები და შემდეგი განვითარება ადამიანის ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ეს სრულიად ნორმალური პროცესია, რა დროსაც ორგანიზმში ჰორმონ ესტროგენის დონე იკლებს, ხოლო საკვერცხეებში კვერცხუჯრედები აღარ წარმოიქმნება. რაც ნიშნავს, რომ დაფეხმძიმება უკვე შეუძლებელია.

მენოპაუზის საშუალო ასაკი 51 წელია. არსებობს ნაადრევი მენოპაუზაც, რომელიც ქალების დაახლოებით 1%-ში გვხვდება და ის, საშუალოდ, 40 წლის ასაკის ქალებს ეწყებათ – ჯერ კიდევ რეპროდუქციულ ასაკში. ხანდახან იწყება ხელოვნური მენოპაუზაც – რაიმე სამედიცინო ჩარევის, ქიმიოთერაპიის ან ოპერაციის (საკვერცხეების) შემდეგ.

მენოპაუზას 3 ფაზა აქვს:

პერიმენოპაუზა – ეს ის დროა, როცა თქვენი სხეული მენოპაუზისთვის ემზადება – ჰორმონების დონე ნელ-ნელა მცირდება, ციკლი კი არარეგულარული ხდება.

მენოპაუზა – ამ დროს მენოპაუზა უკვე დამდგარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ციკლი 12 თვის განმავლობაში არ გქონიათ.

პოსტმენოპაუზა – პერიოდია მენოპაუზის დადგომიდან სიცოცხლის ბოლომდე. პოსტმენოპაუზაში მოსალოდნელია გარკვეული გართულებების განვითარება, რომლებიც განპირობებულია ესტროგენების დეფიციტით, მაგალითად: ოსტეოპოროზი (ძვლოვანი სისტემის „გამოფიტვა“), გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ალცჰეიმერის დაავადება.

მენოპაუზის დროს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ე.წ. ალები, ღამით ოფლიანობა, ძილის დარღვევა, უხასიათობა და გაღიანებადობა, ლიბიდოს ცვლილება – ლიბიდოს დაქვეითება ან პირიქით, სექსუალური მოთხოვნილების გამძაფრება, ფიზიკური ცვლილებები – თმის ცვენა და გათხელება, წონის მატება, ცხიმების დაგროვება მუცლისა და წელის არეში.

“შე კლიმაქსიანო” – გაგიგიათ ასეთი ფრაზა? მსგავსი ტიპის მიდგომა უცოდინრობის, ქალის სხეულისა და ანატომიის არცოდნის შედეგია.

უნდა გვახსოვდეს, რომ მენოპაუზა ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია და არა დაავადება. ეს ცხოვრების ეტაპია, შესაბამისად მისი მკურნალობა მხოლოდ ნაადრევი დადგომისას შეიძლება, სხვა შემთხვევაში, აუცილებელია მასთან ერთად ჯანსაღი თანაცხოვრება. მენოპაუზის დროს, ნუ დარჩებით მარტო საკუთარ თავებთან, ისაუბრეთ თქვენს შეგრძნებებზე, ემოციებზე. ასე ეს პერიოდი უფრო მარტივად გაივლის. თუ ხვდებით, რომ მენოპაუზის დროს არსებული სიმტპომები ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი.