
“ალბათ, 9 ან 10 წლის ვიქნებოდი, სოფელში ზაფხულის არდადეგებს ვატარებდი. ბებიას ერთი დაუოჯახებელი ძმა ჰყავდა, მაშინ 45 წლის იქნებოდა. ეზოში ბავშვები ვთამაშობდით, ჩვენთან მოვიდა, ქუდი დავკარგე და მაპოვნინეთო… როგორც ყველაზე უფროსმა, ავიღე ჩემს თავზე და გავყევი… ამის შემდეგ მომიწია ამეღო პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ დამემალა მისი ცხოველური სახე.
ქუდი ვერ ვიპოვეთ, ალბათ, არც დაუკარგავს. მის სახლში ისე მივედით, ვერც გავიაზრე. ძალით შემიყვანა სახლში… ვეუბნებოდი, რომ დედა ინერვიულებდა და წასასვლელი ვიყავი… ძალით ჩამიჯინა კალთაში. ვგრძნობდი, რომ რაღაც სწორად არ ხდებოდა. ნუთუ ბაბუაჩემი, ბებიის ძმა, რამეს დამიშავებდა… ჩამეხუტა… ვგრძნობდი, როგორ გაიარა შიშმა ჩემს სხეულში, ისე ხმაურიანად, რომ ყურები ამტკივდა… ხელში ამიყვანა. ვთხოვდი, რომ ძირს დავესვი. “მაკოცე და გაგიშვებო” – მითხრა. ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ გაბრაზებულმა ხელები მომიჭირა… მაიძულებდა მეკოცნა. უცებ ბავშვების ყვირილი გაიგო… ჩემს საძებნად წამოსულან.
ეს ამბავი არავისთვის მითქვამს. იმ დღეს სახლში მისულს ბებია და დედა მეჩხუბნენ, გაუფრთხილებლად რატომ წახვედიო. ოთხი დღე გაუჩერებლად ვტიროდი. დღემდე მიწევს იმ არაადამიანის სახე დავმალო. ღამით მელანდება, ძილის საშუალებას არ მაძლევს. 10 წელი გავიდა, მაგრამ მისი დანახვისას დღემდე მეშინია. მაგრამ დღეს, ერთი რაც დანამდვილებით ვიცი, ამ შიშის მიუხედავად, რამის გაბედვას თუ შეეცდება, მწარედ ვაზღვევინებ… ჩვენს ქვეყანაში ქალები და ბავშვები დაუცველები არიან. არ მინდა, ვინმემ გამოსცადოს მსგავსი რამ. თავს გაუფრთხილდით.”
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.
European Union in Georgia
#EU4Georgia #GCRT
