
ანტი-ლგბტ კანონი, მედიასა და ხელოვნებაზე ცენზურის დაწესებით, ფაქტობრივად უკრძალავს საზოგადოებას წვდომას მნიშვნელოვან კულტურულ ნამუშევრებზე და უზღუდავს ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობას. საქართველოში მიღებული კანონი სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს მედიის თავისუფლებას და მიზნად ისახავს ცენზურის დაწესებას ნებისმიერ მედიაკონტენტზე, სადაც ნახსენებია ქვიარ თემის უფლებები და ცხოვრება.
მეტიც, ეს კანონი გვაბრუნებს საბჭოთა კავშირში, სადაც მწერლები, რეჟისორები და სხვა ხელოვანი ადამიანები ვალდებულნი იყვნენ, მთავრობის მიერ დადგენილი წესებით ემოქმედათ. ეს ავტომატურად ზღუდავდა მათ შემოქმედებით თავისუფლებას და საკუთარი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობას.
მსგავსი კანონები აბრკოლებს ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას, ასევე, ქმნის ჩაკეტილ გარემოს, სადაც არ არის ადგილი განსხვავებული აზრისა და კრიტიკისთვის. ანტი-ლგბტ კანონის მიღების მიზანიც კრიტიკული აზრის ჩახშობა და თავისუფალი მედიის კონტროლია.
