აუტიზმი მუდმივი ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ადრეულ ასაკში ვლინდება ნებისმიერ ადამიანში, განურჩევლად სქესისა, რასისა თუ სტატუსისა. აუტიზმის სპექტრი სხვადასხვა თავისებურებებს აერთიანებს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც სოციალური კომუნიკაციის დეფიციტის სახით, ისე ადამიანის ძლიერი მხარეებით, მაგალითად, უნიკალური მათემატიკური უნარებითა და კარგი მეხსიერებით.

საზოგადოების მხრიდან შესაბამისი მხარდაჭერა და სპექტრის მქონე პირთა არა გარიყვა, არამედ თანასწორუფლებიან წევრებად მიღება, მათ საშუალებას აძლევს სიმშვიდითა და სიამოვნებით ჩაერთონ ყოველდღიურობაში და მაქსიმალურად სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2 აპრილი აუტიზმის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა და ეს თარიღი მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება. ამ დღეს საუბრობენ სწორედ იმ გამოწვევებზე, რომელთა გადალახვაც სპექტრის მქონე პირებს ყოველდღიურად უწევთ, შესაბამისად, არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შესაძლებელს ხდის მათთვის ისეთი საცხოვრებელი პირობები შეიქმნას, სადაც ისინი თავს სოციუმის სრულყოფილ და მნიშვნელოვან წევრებად იგრძნობენ. #femfac