გაიცანით ხელოვანი, ანთროპოლოგი და მკვლევარი – ლიკა ჯალაღანია ‍

“საკუთარ თავს ხელოვანს არ ვუწოდებ, მე უფრო ვიზუალური ეთნოგრაფი ვარ, ამიტომ სამხატვრო ტექნიკა ჩემს ნამუშევრებში ნაკლებად მნიშვნელობს. ეს ჩანახატები დროსა და სივრცეში არსებულ ხშირად უხილავ, თუმცა რეალურ ყოფით და ყოველდღიურ ხდომილებებს, ქალთა ზრუნვის შრომას, მათი ზრუნვის ობიექტებს, ქალურ მგრძნობელობებს, სიმარტოვეს და ერთად ყოფნის გაზიარებულ სიხარულს აღწერს.

სწორედ ცხოვრებისა და ყოველდღიური ყოფის ეს პატარა დეტალები იყრის თავს ჩემს ჩანახატებში – ის, რაც ხშირად ჩვენ არსებობაში მხოლოდ ფონის როლს ასრულებს. ჩანახატებზე მუშაობისას არაგანზრახულად გავამკვეთრე ეს “ფონი” და ის გაქრა, რაც მის დანახვაში მიშლიდა ხელს, ამიტომაც თითქმის ყველა ნამუშევარი ერთგვარად, ამ მცირე ხდომილებების შემჩნევის ფაქტს აღწერს და ამ დეტალებისათვის დამსახურებული ღირებულების მინიჭებას ესწრაფვის.”