გაიცანით ხელოვანი, მხატვარი – მარიამ ყანჩაველი
“დავამთავრე სამხატვრო აკადემია – მედია ხელოვნების ფაკულტეტი. ბავშვობიდან ვხატავ და მიყვარს ხელოვნება. მაქვს საკუთარი გვერდი – ‘’street spirits’’, სადაც კონკრეტული სტილის ნამუშევრები მიდევს, რომელიც მოიცავს მხატვრობისა და ფოტოგრაფიის შერწყმას.
ილუსტრაციები იმით არის საიტერესო, რომ ამ ყველაფრის შექმნაში მხოლოდ მე არ ვიღებ მონაწილეობას – ვიყენებ სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებულ ფოტოებს, ვაცოცხლებ და გადმოვცემ იმას, რასაც ფოტოს დანახვისას აღვიქვამ. მარტივია, თუმცა დიდი ემოციით და გრძნობებით სავსე. ნახატებში არ არიან კონკრეტული ადამიანები, არამედ გრძნობები, სიტუაციები, ემოციები და გამოცდილებები.
უდიდეს მოტივაციას მაძლევენ ჩემი მეგობრები და ის ადამიანები, ვისაც უყვარს ჩემი ნამუშევრები.
ხშირად გაუზიარებიათ და უთქვამთ ჩემთვის, რომ ამ ილუსტრაციების ნახვა ამშვიდებთ, აძლევთ საშუალებას, რომ გამოხატონ თავიანთი გრძნობა, ემოცია და სათქმელი.
ის ფრაზები, რაც თითქმის ყველა ნახატს აქვს თანდართული არის საკმაოდ მოკლე და კონკრეტული, თუმცა დაუსრულებელი, რომელსაც შემდეგ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად ასრულებს თავის გონებაში. ასე იქმნება ისტორია – ფოტოთი, ილუსტრაციით და ფრაზით.”





