გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ, იმედის ეთერში გასულ ნოე სულაბერიძის გადაცემას, სადაც დეკანოზი მამა შალვა კეკელია პედოფილიას, საკუთარ შვილთან სქესობრივ კავშირსა და “მამათმავლობას” ერთ კონტექსტში განიხილავს. (ამონარიდი გადაცემიდან – https://www.facebook.com/noesulaberidzepage/videos/1523240598152998/)

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ლგბტქ+ თემის წევრებს მუდმივად ავიწროებენ, ფიზიკურად და სიტყვიერად ესხმიან თავს და არ აძლევენ უფლებას, ისე იცხოვრონ და გამოხატონ საკუთარი თავი, როგორც ეს თავად სურთ. იმის კვალობაზე, რომ ჩვენს ქვეყანას გავლილი აქვს 17 მაისისა და 5 ივლისის მძიმე დღეები, მსგავსი ჰომოფობიური განცხადებები, განსაკუთრებით სასულიერო პირებისგან და განსაკუთრებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული გადაცემის მეშვეობით, კიდევ დამატებით საფრთხეებს უქმნის ქვიარ თემის წევრებსა და მხარდამჭერებს.

არა, ჰომოსექსუალობა არ არის დანაშაული, არ არის გარყვნილება, არ არის ცოდვა.
არა, დაუშვებელია ჰომოსექსუალობასა და პედოფილიას შორის ტოლობის ნიშნის დასმა.
არა, მსგავსი ტიპის განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს ტელევიზიის საშუალებით, სასულიერო პირის მხრიდან. იმ ადამიანის მხრიდან, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს.

მსგავსი განცხადებები, რომლებიც მოკლებულია ყველანაირ საფუძველსა და ობიექტურობას, ამძაფრებს ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოების მძიმე დამოკიდებულებებს და საფრთხის წინაშე აყენებს თემს.