დიანა ანფიმიადი ქართველი პოეტი, ესეისტი, მთარგმნელი და ენათმეცნიერია. ის პირველად საქართველოში 2000-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და თავისი განსაკუთრებული წერის მანერით, მაშინვე მიიქცია მკითხველის ყურადღება. #femwiki

როგორც თვითონ ამბობს, ლიტერატურით ბავშვობიდან დაინტერესდა და პატარა ასაკიდან წერს, ესაა საქმე, რომლის გარეშეც საკუთარი თავი არ წარმოუდგენია. მის ლექსებში ამოიკითხავთ ტრადიციებს, თუმცა არასდროს ავიწყდება ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაციაც.

მამით ბერძენია, ბერძნული მითოლოგია კი მისთვის ყველაზე ახლო და მშობლიურია.
“მისი ტექსტების მთავარი თემა ენა და ენის სიყვარულია. ჩემთვის დიანას ლექსები სასიყვარულო სიმღერებს ჰგავს და, როგორც აღმოჩნდა, ისინი მართლაც არის ენებისადმი მიძღვნილი ჰიმნები, განსაკუთრებით – დავიწყებული და გამქრალი ენებისადმი. მისი ლექსები ანტიკური მითოლოგიითაა შთაგონებული, მაგრამ ყოფითი გამოცდილებითაც არის გაჯერებული“. – წერს ავსტრიელი ბლოგერი მარინა ბიუტნერი.

იგი არაერთი სამეცნიერო სტატიის, ნაშრომის, წიგნისა და ლექსების ავტორია, რომელიც უყურადღებოდ არც აქამდე დარჩენილა. 2008 წელს დიანა გალას კონკურსის ნომინანტი და პრემია “წეროს” გამარჯვებული გახდა. წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში 2009 წელს მიიღო პრემია „საბა”. 2018 წელს მისი “წინასწარმეტყველება მურაბით” ავსტრიული კულინარიული წიგნების კონკურსის ვერცხლის პრიზიორი გახდა. წელს კი, მისი წიგნი “რატომ აღარ ვწერ ლექსებს” The Guardian-მა ბოლო დროის საუკეთესო პოეტურ კრებულებს შორის დაასახელა.

…”დამდეგ სიკვდილს გილოცავ, საყვარელო,
არ დაგავიწყდეს ჩემი წერილების შენახვა
ცეცხლში შეყრა.
და როგორც იმ ცნობილ სიმღერაშია,
როგორც იმ სულელურ სიმღერაშია,
ყველაფერი, რაც სიკვდილისთვის მჭირდება-
შენ ხარ.”

ფოტო: ნატა სოფრომაძე