დღეს ენ სექსტონის დაბადების დღეა!

მეოცე საუკუნის ამერიკელი პოეტი, აღსარებითი პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელი ენ სექსტონი 1928 წლის 9 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა. #Femwiki

ენი 20 წლის ასაკში ალფრედ მიულერ სექსტონზე დაქორწინდა და ორი შვილი შეეძინა. მეორე მშობიარობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ბიპოლარული აშლილობის სინდრომი დაუდგინდა. სწორედ ამის მერე დაიწყო წერა. როგორც ექიმები ამბობდნენ, წერა მისთვის ერთგვარი თერაპიის ნაწილი უნდა ყოფილიყო, თუმცა მას განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა. მალევე გაითქვა სახელი, დაუმეგობრდა იმ დროისთვის ცნობილ მწერლებს, მათ შორის, სილვია პლათს. 1967 წელს კი, პულიცერიის პრემიის ლაურეატი გახდა.

ენ სექტონი იმ დროისთვის ახალი მიმდინარეობის – აღსარებითი პოეზიის ჟანრში წერდა. ლექსებში აღწერდა საკუთარ პრობლემებსა და განცდებს, დაუფარავად და გულწრფელად მიმოიხილავდა ყველაფერს, რასაც გრძნობდა. მან საკუთარი შემოქმებით ფარდა ახადა მანამდე ტაბუიერებულ, ქალებისთვის სპეციფიურ პრობლემებს და ამით გზა გაუხსნა ქალურ მწერლობას. ენის ლექსებში წაიკითხავთ აბორტის, ცოლ-ქმრული ღალატის, მენსტრუაციისა და ქალური მასტურბაციის თემების შესახებ. ცდილობდა, საზოგადოებაში დამყარებული სტერეოტიპები დაემსხვრია და შეეცვალა ადამიანების შეხედულება ქალებზე.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1971 წელს გამოცემული ლექსების ციკლს “ტრანფორმაციები”, რომელიც ძმები გრიმების 17 ზღაპრის მისეული ინტერპრეტაციაა. სწორედ ამ ლექსებში გამოჩნდა, რამდენად ირონიულად, ცინიკურად უყურებდა ის საზოგადოებრივ შეხედულებებსა და მენტალურ ჩარჩოებს.

„რა გზა გაიარე, პატარა გოგო?
რა გზა გაიარე ციხიდან თავის დასაღწევად?
ღმერთო გადმომხედე –
ესაა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“ – ეს ენის “ტრანფორმაციების” ციკლის ბოლო ლექსია, რამდენიმე წლის შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობდა, თერაპიის კურსებს გადიოდა, ავადმყოფობას თავი ვერ დააღწია. ხშირად ჰქონდა მანიაკალური დეპრესიის შეტევა, რამდენჯერმე სცადა თვითმკვლელობაც. საბოლოოდ კი, 1974 წელს თავი მოიკლა.