
დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. 100 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საბჭოთა არმიას ემსხვერპლნენ.
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის წევრებსაც დაეკავებინათ. 22-23 წლის იუნკრებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის ფონზე შეხვდნენ, ხალხი მათ ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა.
იმ დროისათვის იუნკერთა სასწავლებელში 183 კურსანტი ირიცხებოდა, თუმცა ყველას არ მიუღია ბრძოლაში მონაწილეობა, რადგან იმ დროს გავრცელებულ ტიფს ებრძოდნენ. ტაბახმელასთან იბრძოდა დაახლოებით 170 იუნკერი. ზოგადი ცნობებით, ტაბახმელასთან დაიღუპა 9 იუნკერი და დაიჭრა 43, მათ შორის რამდენიმე – მძიმედაც.
1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში იუნკრებთან ერთად დაიღუპა მოხალისე მოწყალების და მარო მაყაშვილი. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.
26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა.
—
“უსაშინლესი ჯოჯოხეთია. რუსები უმოწყალოდ გვიტევენ ცეცხლითა და მახვილით. თავის წამოწევა არ შეიძლება. ტყვიამფრქვევი ცელავს ყველაფერს, ჩვენ კი ვაზნები გამოგველია. შევსება არ ჩანს. მეორე დღეა, ლუკმა არ აგვიღია. რა ლომივით ბიჭები დაეცნენ, ძნელია ატანა.
….
დედას ეს წერილი არ წაუკითხო! გარედანაც ვაწერ გაფრთხილებას. არდამიჯერებ, როცა გიამბობ, რა გასაჭირს ვიტან სამშობლოსთვის.
შენი მაკარი, 22 თებერვალი, 1921 წელი”.
