ენჰედუანა #FemWiki

გონიერებით განთქმული აქადელი პრინცესა, რომელიც ბევრი ისტორიკოსის მიერ მსოფლიოს პირველ ავტორად მიიჩნევა.

ენჰედუანა განსწავლული იყო შუმერულ და აქადურ ენებში, მათემატიკასა და ასტრონომიაში. ამასთან, იგი მსახურობდა მთვარის ღმერთის უმაღლეს ქურუმად, ხელმძღვანელობდა ყოველთვიურ რელიგიურ რიტუალებს, ხსნიდა და ინტერპრეტირებდა სიზმრებს.

შუმერული და აქადური კულტურების შერწყმის მიზნით ენჰედუანამ 42 რელიგიური ჰიმნი დაწერა, რომლებიც “ჰიმნები ინანაზე” სახელითაა ცნობილი. ენჰედუანას პოეზია იმითაა განსაკუთრებული, რომ მასში გაადამიანურებულ ღმერთებს ვხედავთ. ისინი იტანჯებიან, უყვარდებათ, ცრუობენ. პირველად ვხვდებით ისეთ შემთხვევასაც, როდესაც ავტორი საკუთარი თავის აღსანიშნად ნაცვალსახელ “მეს” იყენებს. პირადი და ინტიმური გრძნობების გამჟღავნებასაც პირველად სწორედ ენჰედუანას ჰიმნებში ვაწყდებით.

ენჰედუანას პოეზია მალე გახდა საყოველთაო ინტერესის საგანი. მისი საგალობლები საგანმანათლებლო ტექსტებად გამოიყენებოდა ძველ ბაბილონში. უფრო მეტიც, ითვლება, რომ “ჰიმნებმა ინანაზე” გავლენა მოახდინეს ძველებრაულ ბიბლიასა და ჰომეროსის ეპიკურ ნაწარმოებებზეც კი.