
ეროვნულ კინოცენტრში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, თუმცა არც ცენტრის ხელმძღვანელობა და არც სამინისტრო არ განმარტავენ რეორგანიზაციის მიზანს. ამ ეტაპზე სრულად გაუგებარია, რა ბედი ეწევა კინოცენტრს, ერთადერთ ინსტიტუციას საქართველოში, რომელიც აფინანსებს ფილმების გადაღებას.
მანამდე, ეროვნულმა კინოცენტრმა ჯერ პროპაგანდისტული მედიის, POSTV-ის ერთ-ერთი მთავარი სახე, ოფის-მენეჯერად დანიშნა, ბოლოს კი რეორგანიზაცია გამოაცხადა – თანამშრომლები გააფრთხილეს, რომ შესაძლოა მათი შტატები ერთი თვის ვადაში გაუქმდეს.
თანამშრომლების (და არა მარტო) აზრით, რეორგანიზაციის პროცესს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მართავს და ცდილობს, ამ სფეროს წარმომადგენლები განსხვავებული აზრისთვის დასაჯოს. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის. კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, სამინისტროს დაქვემდებარებულ არაერთ უწყებაში რეორგანიზაციები განხორციელდა, შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლები, მათ შორის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები უმიზეზოდ, დასაბუთების გარეშე გაათავისუფლეს.
ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ კულტურის სამინისტრო სრული ავტონომიის მოპოვებისთვის იბრძვის, რაც ნიშნავს იმას, რომ დამოუკიდებელი ინსტიტუციები აღარ იარსებებს და მხოლოდ ერთი პირი, ერთპიროვნულად მიიღებს გადაწყვეტილებას.
