
“ზუსტად საიდან დაიწყო, არ ვიცი. ისიც არ ვიცი, პირველად რა მოხდა, მაგრამ ალაგ-ალაგ სულ მახსენებდა თავს მოგონებები, რომლებიც არაქრონოლოგიურად ტრიალდებოდა გონებაში და საკუთარ თავზე გულს მირევდა. მახსენებდა ჩემი ბევრი უბედურების დასაწყისს, პირველ ძალადობას.
8 წლის ვიქნებოდი, ის ალბათ 70-ის, ჩემი დიდი ბაბუა იყო. მოდიოდა ხოლმე და როდესაც მეძინა, ძალით მკოცნიდა. მე მრცხვენოდა, თვალებსაც არ ვახელდი ხოლმე. მხდიდა ტანსაცმელს და თავისი ძალიან უხეში დიდი ხელებით მეფერებოდა. ერთხელ, როდესაც ვმეცადინეობდი, ჩემს ოთახში შემოვიდა, სკამიდან ამაყენა და ხელებით დამიწყო შეხება, სანამ ოთახში ბებიაჩემი არ შემოვიდა (ანუ, მისი შვილი). ამის დანახვაზე, არავის არაფერი გვითქვამს, კაბა გამისწორა და უსიტყვოდ გავიდა. არც ბებიაჩემს უთქვამს რამე.
არ გასულა დღე, როცა ეს არ გამხსენებია, მაგრამ თავს ყოველთვის ვაჯერებდი, რომ უბრალოდ სიზმარი იყო. უნდა ყოფილიყო მაინც, ჩემთვის. 13-ის გავხდი, მძიმე დეპრესია დამეწყო, ამის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ის მოვლენები იყო. ერთხელ მეცადინეობისას ტირილი დავიწყე, ბებიაჩემი ოთახში შემოვიდა და მკითხა, რა მჭირდა. ყველაფერი მოვუყევი. ხმამაღლა ვთქვი, როგორც იქნა პირველად, და თურმე ბოლოჯერ. კითხვა, რაც მისი მხრიდან წამოვიდა, იყო – “დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს იგონებ?”. ისედაც აცრემლიანებულმა და დამცირებულმა, თავი ამოვწიე, რომ თვალებში ჩამეხედა, მენახა, მართლა ეს მკითხა, თუ არა. ამის მერე არაფერი მახსოვს. არ მახსოვს მეორე დღემდე არაფერი, სანამ სკოლაში ცუდად არ გავხდი. სკოლიდან სახლში მოსულმა ცალკე გამიყვანა და მკითხა – “ახლა რომ ცუდად ხარ, რა გინდა, ვთქვათ ის ყველაფერი? ვთქვათ და ჩვენი ოჯახის კაცები ციხეში წავიდნენ? ისედაც მოხუცია, რას იზამ. დაივიწყებ და ამ დღის მერე ამ თემაზე აღარ ვილაპარაკოთ, თუ გავწიროთ ისინი?”
შემრცხვა. საკუთარი თავის კიდევ ერთხელ შემრცხვა.
დღეს 20 წლის ვარ. ფეხზე დავდექი. ფეხზე დავაყენე საკუთარი თავი. ახლა ყველაზე ძლიერი ვარ, მაგრამ ამ კაცს ისევ ვხედავ. ის ცოცხალია და ვხედავ, ისე, ვითომც არაფერი. ვხედავ, ველაპარაკები, ვუღიმი კიდეც იმიტომ, რომ ვიცი, სანამ ცოცხალია, არასდროს, არასდროს არავის ეცოდინება ის, რაც მოხდა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გარდაიცვლება, ყველას წინაშე ავხდი ფარდას იმ საშინელებების დასაწყისს, რაც გადამხდა. ვეტყვი ყველას, თუ როგორ გამწირა საკუთარმა დიდმა ბაბუამ და შემდეგ იმ ბებიამ, რომელმაც გამზარდა.”
მადლობა ყველას, ვინც გვენდო და საკუთარი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა.
თქვენი ისტორიების გამოგზავნა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ: https://forms.gle/xQqJhE1rHkUaXcBH6?mibextid=Zxz2cZ
#GrlzWave_Storiesworthsharing
ილუსტრაცია: მარიამ საკნელაშვილი
The project is funded by Filia Women’s Fund.
