
თბილისში, კანცელარიასთან სამი ჭიათურელი მოშიმშილე – მერაბ გულიაშვილი, გოჩა კუპრეიშვილი და ირაკლი ჯიქიძე ღამეს ათევენ. მათი მოთხოვნებია, გათავისუფლდეს მათი 4 თანამებრძოლი და ჭიათურაში არსებულ ვითარებაში გასარკვევად ჩაერთოს კობახიძის ადმინისტრაცია. ადმინისტრაცია დუმს.
მათი ინფორმაციით, ჭიათურაში ასევე შიმშილობს იმედა გაფრინდაშვილი, ხოლო ორი მათგანი გივი ცერცვაძე და ბექა ჩიხელიძე კლინიკაში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭიათურაში მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 30 აპრილს მაღაროელებს პროკურატურამ ბრალი უფრო მძიმე მუხლით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-9 წლამდე ვადით.
თებერვლიდან ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 23 აპრილს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო“ და თანამშრომლები სამსახურიდან გაათავისუფლა.
სოლიდარობა მშრომელებს, ბრძოლა გრძელდება!
