ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო’კონორი, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

შინეიდ ო’კონორმა სადებიუტო ალბომი The Lion and the Cobra 1987 წელს ჩაწერა, განსაკუთრებულად ცნობილი კი პრინცის მიერ თავისი ბენდისთვის 1985 წელს დაწერილი სიმღერის – Nothing Compares 2 U ქავერით გახდა. სიმღერის ალტერნატიულ ვერსიასთან ერთად, განსაკუთრებული მოწონება ვიდეოკლიპმა დაიმსახურა – შავ, სადა ფონზე თავგადახოტრილი შინეიდ ო’კონორის სილამაზემ ყველა გააოცა. მისი შემოქმედება შეიყვარეს, თუმცა, ამავდროულად, ყველას მისი გამორჩეული მშვენიერება დაამახსოვრდა.

მუდმივად ყურადღების ცენტრში ხვდებოდა თავისი რადიკალური განცხადებებითა და გადაწყვეტილებით, საზოგადოების გადაჭარბებულ კრიტიკას კი თითქოს ყურადღებას არასდროს აქცევდა. ლანძღავდნენ ყველაფრის გამო, მათ შორის მხოლოდ იმიტომ, რომ მენტალური პრობლემები ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ისლამი მიიღო, გიჟსაც ეძადნენ.

რთული ბავშვობა გამოიარა, ბევრჯერ გამოსცადა მიტოვებულობის შეგრძნება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, თუმცა არავინ აღმოჩნდა მის გვერდით, როცა ეს მას განსაკუთრებულად სჭირდებოდა. წარუმატებელი სუიციდის მცდელობების შემდეგ, დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა, მაგრამ დახმარების ნაცვლად, კვლავ კრიტიკას იღებდა.

გზააბნეული ქალის ისტორია დღეს და აქ დასრულდა, მისი გამორჩეული ხმა და სილამაზე კი დარჩება მუდამ, განსხვავებული, შეუპოვარი და საზოგადოებისგან გარიყულის სიმბოლოდ.