
მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
კანის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოს მასშტაბით. მისი ადრეული დიაგნოზი კი გვაძლევს განკურნების ძალიან მაღალ შანსს.
კანის კიბო მდგომარეობაა, როცა კანის უჯრედები არანორმალურად ზრდას და გამრავლებას იწყებს. ეს პროცესი ხშირად გამოწვეულია ულტრაიისფერი (UV) სხივების ჭარბი ზემოქმედებით – ძირითადად მზისგან ან ხელოვნურად, სოლარიუმში გარუჯვით.
მიუხედავად იმისა, რომ კანის კიბო ყველაზე ხშირად ხანდაზმულ ასაკში ვითარდება, მზისგან გამოწვეული ზიანის დაგროვება იწყება ბავშვიბიდანვე. რაც მეტ დროს გაატარებთ მზეზე შესაბამისი დაცვის გარეშე, მით უფრო იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკიც.
როგორ დავიცვათ თავი?
სულ რამდენიმე ჩვევის გამომუშავება საკმარისია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ კანის კიბოს განვითარება.
☀️ ყოველდღე გამოიყენე მზისგან დამცავი კრემი, მინიმ SPF-30 ან მეტი დაცვით და განაახლე კრემი ყოველ 2 საათში ერთხელ. განსაკუთრებით ყურადღებით იყავი იმ შემთხვევაში, თუ წყალში გიწევს ყოფნა. ამ შემთხვევაში, ყოველი წყლიდან ამოსვლის შემდეგ, დაიმატე SPF-ი;
☀️ მზეზე ყოფნისას, დაიფარე ქუდი. სასურველია დაიფარო სხეულიც ან სხეულზეც გამოიყენო მზისგან დამცავი; აუცილებლად ატარე მზის სათვალე.
☀️ მოერიდე მზეზე გასვლას შუადღის საათებში, განსაკუთრებით რუჯის მისაღებად. შუადღის საათებში, როცა მზის გამოსხივება პიკს აღწევს, დიდი შანსია მიიღო დამწვრობა, რაც სამომავლოდ გაზრდის კანის კიბოს განვითარების რისკსაც.
☀️ დააკვირდი და დაათვალიერე საკუთარი სხეული, დააკვირდი ხალებს – მათ ფორმას, ზომას, შეფერილობას. თუ რამე ცვლილებას შეამჩნევ, ან ტკივილს, ან ქავილს, აუცილებელია მიმარტო სპეციალისტს.
რა არ უნდა გავაკეთოთ?
არ გამოიყენო სოლარიუმი. სოლარიუმში გატარებული თითოეული წუთი 16-ჯერ აღემატება მცხუნვარე მზის ულტაიისფერ გამოსხივებას.
არ იფიქრო, რომ მზე მხოლოდ ზაფხულშია სახიფათო ან მხოლოდ მაშინ, როცა ის ანათებს და ვხედავთ. SPF-ის გამოყენება აუცილებელია წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში.
კანის კიბო თავიდან აცილებად დაავადებათა სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. მზისგან დაცვა და თვითშემოწმება კი იმაზე მარტივია, ვიდრე გვგონია. ცოტაოდენი ყურადღება და მზრუნველობა საკუთარი თავის მიმართ უკვე საკმარისია.
