მარიამ სიგუა, 25 წლის

“მე მარიამი ვარ. ბევრისგან განსხვავებული, თუმცა ბევრია ჩემი მსგავსი. მე და ჩემს მსგავსებს უთმობა გვაერთიანებს, რომელსაც ალოპეცია ჰქვია. ექვსი წლის ვიყავი როცა სულ პაწაწინა კერა გაჩნდა თავზე. 2002 წლის 21 ივნისი, დედას ახსოვდა ეს თარიღი, დღე საიდანაც დაიწყო ჩემი დაუსრულებელი მკურნალობა. რამდენიმე თვეში სკოლაში შევდიოდი. დედა ეცადა თმები ისე დაემაგრებინა რომ ჩემი ახალი მდგომარეობა დაემალა. ალოპეცია მალევე პროგრესირდა, ამიტომ საჭირო გახდა თავის გადაპარსვა, რაც მამამ საკუთარ თავზე იტვირთა.

გადიოდა წლები, ნელ-ნელა ჩემს თავს ვეჩვეოდი და მიყვარდებოდა ასეთი განსხვავებული. პირველი წლები “ბენდენებით” დავდიოდი, შემდეგ გამოჩნდა პარიკებიც, რამაც ხელი შეუწყო ამ გზის მარტივად გავლას. ხელოვნური პარიკების მერე იყო ჩემი დის თმით დამზადებული ბუნებრივი პარიკი.

დადგა 2019 წლის დაუვიწყარი 28 ივლისი, როცა ერთ გოგოშკურ ჯგუფში საოცარი გოგოს, სალომე სოხაძის პოსტი შემხვდა. თავისნაირ გოგოებს ეძებდა, მივწერე რომ მე ვიყავი მისნაირი, შემდეგ დამირეკა და იმ წამიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრნი ვართ ასე ერთნაირები. გავაკეთეთ ჯგუფი – power of alopecia, სადაც ბევრ ინფორმაციას და ემოციას ვუცვლით ერთმანეთს. ორგანიზაციაც კი გვაქვს უკვე.

მე გამიმართლა … ჩემს მდგომარეობას არასდროს შეუქმნია პრობლემა. იყო მცირე დისკომფორტები ქუჩაში, რასაც ვერ აცდები. ალოპეცია ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც არ არის გადამდები, ჩვენ გვიყვარს ჩვენი შიშველი თავები და ეს აბსოლუტურად არაფერში გვიშლის ხელს.”

წიგნის სანახავად გადადით ბმულზე: https://selflovestories.ge/