მარი: სახლი, პროფესია, ბრძოლა
არჩევანი, როგორც ცხოვრება
როცა იურისტი ხარ, სწავლას ამთავრებ და კვალიფიკაცია გენიჭება, საკმაოდ დიდი არეალი გეხსნება კარიერული კუთხით. თავიდან ვაპირებდი, პროკურორი გავმხდარიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ შემეძლო, დაჩაგრული ადამიანების ხმა ვყოფილიყავი ბევრად საჭირო პოზიციიდან, და მათ გვერდით დგომით, რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მეკეთებინა.
ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა რომ ჩავაბარე, უკვე ვიცოდი, ისეთ ადგილას მინდოდა მოხვედრა, სადაც ჩემს ინტერესებს და ბრძოლისუნარიანობას მივცემდი გასაქანს, და საკუთარ თავს ვიპოვიდი. ასე მოვძებნე „საფარი“.
ალბათ ვერცერთი პროკურორი ვერ წარმოიდგენს, რა ხდება ჩემს ოთახში, სადაც მოდიან ქალები, ბავშვები, ჰყვებიან საშინელ ამბებს და შენ, როგორც იურისტი, მათ მთელ ტკივილს იღებ და ითავისებ. შეუძლებელია, ეს ყველაფერი შენზე არ აისახოს. განყოფილებაში გამოკითხვის დროს ასე არ ხდება, იქ ჩვეულებრივი კედელი აქვთ აღმართული.
ეტაპი, როცა ვცდილობ, რომ მსხვერპლი ფეხზე დავაყენო და შემდეგ – ლაპარაკი დავაწყებინო, არის პირველი ბრძოლა და პირველი თავგანწირვაც კი. ხშირად ყოფილა, რომ უბრალოდ, ვმსხდარვართ ერთმანეთის პირისპირ იმის მოლოდინში, თუ როდის იპოვიდა ძალას, რომ ხმა ამოეღო, და მეც ვცდილობდი, ამ შეზღუდულ დროში, ძალის პოვნაში დავხმარებოდი. ის, ვინც ამ ამბებს მშრალ სტატისტიკად აღიქვამს, ვერასოდეს გაიგებს, რატომ ვიბრძვი ამდენს ჩემი საქმისთვის, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ჩემ უკან დგას ადამიანი, რომელსაც ჩემი დახმარება სჭირდება, და მე ვარ მისი ხმა.
თანაგანცდა, როგორც სუპერძალა
პირველად რომ დავესწარი გამოკითხვას, ჯერ კიდევ სტაჟიორი ვიყავი. მახსოვს, ვიტირე. არადა, მას შემდეგ იმდენი რამე ვნახე და მოვისმინე, ის ამბავი ახლა რიგით დანაშაულად მეჩვენება. ოჯახში ძალადობის შემთხვევა იყო. ქალი, მსხვერპლი, ჰყვებოდა საკუთარ მძიმე გამოცდილებას ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებით, რომელიც თავს არ ანებებდა. დაზიანებები ჰქონდა. მახსოვს, იურისტი ცოტა ხნით გავიდა და ოთახში მასთან ერთად დავრჩი. თავიდან გასუსული ვიჯექი, მაგრამ იმდენად მინდოდა, მენუგეშებინა, ვეღარ მოვითმინე, ხელი მოვკიდე და ძალიან ძლიერი ხართ-მეთქი, ვუთხარი, ყველასთვის მაგალითი ხარ-მეთქი. ორივე ვტიროდით.
თანაგანცდას ვერავინ გასწავლის, ვერც რომელიმე ტრენინგი ან სახელმძღვანელო. ან გაქვს ეს, ან არა. აქ კიდევ ერთი რამაა მნიშვნელოვანი – უნდა მოახერხო, რომ შენც არ დაზიანდე.
ამდენი ხნის შემდეგაც, როცა თითქოს შევეჩვიე ყველაფერს, რაც ჩემთან იყრის თავს, ჩემთვის წარმოუდგენლად რთულია ბავშვთა მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე, პედოფილიის შემთხვევებზე მუშაობა. ერთია, როცა სრულწლოვანი ადამიანი გენდობა და გიზიარებს საკუთარ ამბავს, და გააზრებული აქვს, რასაც აკეთებს, მაგრამ სხვაა, როცა ბავშვები გიყვებიან, და ხშირ შემთხვევაში, პირველი ხარ, ვინც ამას ისმენს – უმეტესად, ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან.
ძალიან მეხმარება საერთო ინტერესებზე ლაპარაკი ბავშვებთან, იუმორიც ჩამირთავს უმძიმესი ქეისების მოსმენის პროცესში. მათაც რომ ეცინებათ, რაღაცნაირად, ბარიერიც იშლება და ნდობა იზრდება. ხედავენ, რომ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც იცინის, „ჰარი პოტერი“ უყვარს, რომელსაც ეშინია. ხშირად მიხსენებია მათთან საკუთარი შიშებიც.
სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ბავშვს არ უნდა მოვთხოვოთ მტკიცებულებათა სიმრავლე. ბავშვის ჩვენებაც ყოველთვის იმდენად ნამდვილია, იმდენად გულწრფელი, რომ შეუძლებელია ერთ სიტყვასაც კი ამატებდეს. ხშირად აბამენ ხოლმე გაურკვეველ მოტივაციას სრულწლოვანს თუ არასრულწლოვანს, რომ ვიღაცამ წააქეზა, რომ ვიღაცამ დაარიგა, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული, რადგან 9 წლის ბავშვი, როცა ჰყვება საკუთარ თავზე გამოცდილი სქესობრივი ძალადობის შესახებ, ჰყვება თავისი აღქმიდან, თავისი სიტყვებით და პროცესებს ისეთი ენით აღწერს, რომელიც შეუძლებელია, ვინმე სხვას ეკუთვნოდეს.
ნდობა, როგორც გადარჩენა
არასოდეს მქონია შემთხვევა, რომ ქალი ჩვენამდე მოსულიყოს სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებით და ამის უკან აღმოგვეჩინა ფარული მოტივაცია, ან გამოგონილი სცენარი. მსმენია გაზვიადებაზე, გარკვეულ კონოტაციებზე, მაგრამ სადაც გაუპატიურებაა შედეგი, იქ ტყუილი არ მახსენდება. სქესობრივი დანაშაული ისეთი რამეა, რასაც სხვაზე შურისძიების მიზნით, საკუთარ თავზე ვერ გამოიგონებ. ამ სიმძიმის, ემოციის, ნგრევის გაყალბება წარმოუდგენელია. ასეთი ამბების გამოგონება ქალებს არ სჭირდებათ, არაფრად უღირთ. როცა მსხვერპლთან პირდაპირი კომუნიკაცია გიწევს, შეუძლებელია, ეს ვერ დაინახო, და ასევე, ვერ დაინახო მთავარი მოტივაცია – სამართალმა უნდა იზეიმოს.
პრობლემა ხშირად წინასწარ განსაზღვრადია მსხვერპლებისთვის, რამაც შეიძლება, მათი გაჩუმება გამოიწვიოს – დამოკიდებულება, რომელსაც შეიძლება შეეჩეხონ. არა მხოლოდ უნდობლობა, ან თუნდაც, გულგრილობა, არამედ განსჯა და დადანაშაულებაც კი. როცა იმედი არ აქვთ, ეშინიათ, და ეშინიათ არა მისი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, არამედ იმის, რომ პოლიციელი და პროკურორი არ დაუჯერებთ. ეს შიში უსაფუძვლო არ არის იმიტომ, რომ მართლაც ხდება, როდესაც მიდის მსხვერპლი და უშვებენ უკან. შეიძლება, გამოკითხვაც კი არ შედგეს. შეიძლება უთხრან, რომ აი, რა გეგონა, სახლამდე რომ მიყვებოდი. ცალკე პრობლემაა ის, რომ თუ მსხვერპლმა დამოუკიდებლად, იურისტის ჩართვის გარეშე მიმართა პოლიციას, გამოკითხვა საერთო სივრცეში ხდება, სადაც ყველა ისმენს, როგორ ჰყვება მსხვერპლი გაუპატიურების შესახებ.
ფსიქოლოგსაც უთქვამს, შენი ბრალია, სად მიყვებოდი? პროფესიონალიზმს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური მომენტია, სულ რომ არ გჯეროდეს ვინმესი, არ შეიძლება, ასეთი რაღაც მიახალო, თავი დამნაშავედ აგრძნობინო.
ვაკვირდები, რომ მძიმე დანაშაულის – გაუპატიურების, პედოფილიის – შემთხვევაში, ძირითადად, პოლიციაში წასვლამდე მოდიან ჩვენთან. ყოფილა შემთხვევები, როცა მსხვერპლი მისულა პირდაპირ პოლიციაში, დახეული ტანსაცმლით, რომელიც იყო უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება და არც შეუნიშნავთ. არც მოაფიქრდათ, რომ გადაუდებლად ამოეღოთ ეს ტანსაცმელი, სადაც ბიოლოგიური მასალაა, ხევის/დაზიანებების კვალია, რაც შესაბამისი ექსპერტიზებით უნდა დადასტურდეს. გაუშვიათ სახლში, გამოკითხვის ოქმი შეუდგენიათ მხოლოდ და დაზარალებულს გადაუგდია ეს ტანსაცმელი – უმნიშვნელოვანესი, პირდაპირი მტკიცებულება, და ბიოლოგიური მასალის კვალი გამქრალა. ჩვენთან როცა რეკავენ და ფაქტი ახალი მომხდარია, პირველი, რასაც ვაკეთებთ, მტკიცებულებებს ჩვენით მოვიპოვებთ და ვეუბნებით, როგორ შეინახონ, როგორ არ გადააგდონ, როგორ დალუქონ, როგორ წარადგინონ. არასდროს არ მიმყავს მსხვერპლი პირდაპირ განყოფილებაში და იქ არ ვისმენ პირველად მის ისტორიას. ჩემთან უნდა ჰქონდეს მოყოლილი ამბავი, რომ ვიცოდე, რა ხდება და დანაშაულის არცერთი დეტალი არ დაიკარგოს.
ჩაკეტილი წრის გასარღვევად
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის პედოფილიის პანდემია. უამრავი შემთხვევაა, რომელიც სააშკარაოზე არ გამოსულა, რადგან ჯერ თავად მსხვერპლებსაც არ გაუცნობიერებიათ, რა მოხდა მათ თავს. ბოლო ქეისი, რომელზეც ახლა ვმუშაობ, არის 14 წლის წინ მომხდარი ფაქტი მამის მხრიდან, საკუთარ 9 წლის გოგოზე ძალადობა, რომელმაც წლების მერე იპოვა ძალა საკუთარ თავში, რომ ამ ყველაფრისთვის დაერქმია სახელი, და მოსულიყო ჩვენამდე. ეს გოგო უძლიერესი ადამიანია. მიყვება, როგორ გადაწყვიტა, რომ სხვები დაეცვა, როგორ ჯდება ახლა მეტროში და ათვალიერებს, ვინმე ვინმეს არ ავიწროებს, და როგორ შეუძლია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ ხო, საკუთარი თავის დაცვა ვერ შეძლო, რადგან ძალიან პატარა იყო.
ბავშვები არიან მარტო, ეს არავის არ ესმის. ვერავინ ვერ ეხმარება მათ, ვერც ოჯახი. არც არანაირი კამპანია არ მახსენდება, სახელმწიფოს მხრიდან, რაც ბავშვებს ასწავლის, რა არის მათი სხეულებრივი უფლება, რა არის და რა არ არის ნორმა, როგორ ამოიცნონ ძალადობა და შევიწროება, რა შეიძლება გააკეთონ ასეთ დროს. ეს ყველა იმ ინსტიტუციის ბრალია, რომელიც არ მუშაობს შესაბამისად და მაშინაც კი, თუ მივმართავთ, სრულ გულგრილობას იჩენს.
ჩემთვისაც ძალიან რთულია, როგორი გამძლეობაც არ უნდა შევიძინო, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა ავისხლიტო, რასაც ვისმენ, ყველაფერი მაინც სადღაც აღწევს და გროვდება. ჩემი პირველი რეაქცია ყოველთვის არის ბრაზი, რომელიც მოტივაციას მაძლევს. როცა ვბრაზობ, უშრეტ ენერგიასა და ძალას ვგრძნობ და ვიცი, რომ ვერავის გულგრილობა, ვერავის არაკომპეტენტურობა ვერ შემაჩერებს. ყველა დაბრკოლებას ჩემს პირად გამოწვევად ვაქცევ. ეს კონკრეტული საქმეები არ არის უბრალოდ საქმეები, განსაკუთრებით, როცა მსხვერპლი არის ბავშვი, რომელმაც ისეთი რაღაცები განიცადა და დღემდე ფეხზე დგას და აგრძელებს ცხოვრებას. ჩემ თავში ძალას თითოეული მათგანით ვპოულობ. გადარჩენილი ბავშვი არის ჩემი მთავარი ძალა. ერთ-ერთი პირველი ქეისიდან, როცა იმედის გადაწურვის და ჩიხის ფაზა გვედგა, ბავშვის თვალები მახსოვს. აი, ამ თვალებს ვერ დავივიწყებ ვერასდროს, რომელიც იმედით მიყურებს. მახსოვს, როგორ მომწერა დედამისმა: „მხოლოდ შენი იმედი მაქვს, მარი“. და ყოველთვის მახსოვს, რომ ვიღაცას ვეგულები და ხელი არ უნდა ჩავიქნიო.
იმისთვის უნდა იარსებოს „საფარმა“, რომ იმედი ვიყოთ, ისე, როგორც დღეს ვართ – დაჩაგრული ბავშვების, დაჩაგრული ქალების, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ, მაგრამ იციან, რომ თუ თვითონ ვერ გაუმკლავდებიან ამ ყველაფერს, არსებობს ორგანიზაცია, რომლის თანამშრომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, შეიძლება, თვითგანადგურების ხარჯზეც კი, მიიყვანენ საქმეს ბოლომდე. „საფარი“ არის იმედი და თითოეული იურისტი არის იმედი – იცი, რომ დარეკავ, და პასუხად გულგრილობა არ დაგხვდება. ის, ვინც გიპასუხებს, ჩამოგყვება ბოლომდე და შენთან ერთად შემოვა ყველა ბრძოლაში. ეს ჩვენი პირდაპირი, ადამიანური ვალია და არა მხოლოდ პროფესიული. შეიძლება, რაღაც არ გამომივიდეს და დასაბუთებულად ვიცოდე, რატომაც არ გამოვიდა, მაგრამ ის, რომ უკან არასოდეს დავიხევ, არის ჩემი პირადი არჩევანი. ეს არის ასეთ ორგანიზაციებში მომუშავე ყველა ადამიანის არჩევანი.
ფოტო: Dina Oganova – Documentary Photographer





