“მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ხარკოვიდან საცხოვრებლად საქართველოში გადმოვედი. აქ ბევრი მეგობარი მყავდა, მანამდეც რამდენჯერმე ნამყოფი ვიყავი და ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ აქ ჩამოვედი.

მეძინა, სახლში ვიყავი, როცა დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ ომი დაიწყო. თავიდან არ მჯეროდა, ვერც წარმოვიდგენდი, მაგრამ მალევე გვითხრეს, რომ ხარკოვის დაბომბვას აპირებდნენ. საბოლოოდ გავიაზრე, რომ ეს ომი მხოლოდ რამდენიმე კვირა არ გაგრძელდებოდა, ეს ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო მშობლიური ქვეყანა დაგვეტოვებინა.

ახალ ქვეყანაში ადაპტირების პროცესი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, როცა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადადიხარ მატერიალური პრობლემები მუდმივად გაქვს და ასეა ახლაც. თან, საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სხვაგვარის მოლოდინი ნამდვილად არ მქონია. თუმცა, ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც მივხვდი, რომ საქართველო ბევრად უფრო პატრიარქალური ქვეყანაა, ვიდრე უკრაინა და ამ მენტალურ განსხვავებას ხშირად შეუშლია ჩემთვის ხელი საქმიან ურთიერთობებში; რუსების უკონტროლო მიმოსვლაც, რა თქმა უნდა, ხშირად დისკომფორტს ქმნის, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ქართველები ძალიან დამეხმარნენ, ყველა ეტაპზე მეხმარებიან და მადლობელი ვარ ამისთვის. აქ თავს კარგად ვგრძნობ.

“ჰალუშკა” პატარა უკრაინული კაფეა, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა თბილისში, თებერვალში გავხსენით. ჰალუშკა უკრაინის პოლტავას რეგიონის ეროვნული კერძია – ორთქლზე მოხარშული ცომის ნაზი ნაჭრები სხვადასხვა სოუსთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ. ძალიან მინდოდა, უკრაინული იდენტობისა და კულტურის გაზიარება, ამისთვის კი ნაციონალური კერძების შექმნა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ომი როდის დასრულდება, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: უკრაინა ომის შემდეგ იმაზე მეტად ლამაზი და ძლიერი იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მიუხედავად სირთულეებისა და უამრავი ადამიანური დანაკარგისა, უკრაინელების შემართება და თავისუფლების სურვილი უშედეგოდ არ ჩაივლის.” – ანნა ბაშკიროვა