“მე დიქტატურაში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი აკრძალული იყო. იყო ჩემი გონება ნაკლებად თავისუფალი? არა, არ ყოფილა. გავხდი სულელი? არა. იმიტომ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აღმიქვამენ მე, ჩემს გონებაში შეღწევა მაინც არ შეუძლიათ. ის მხოლოდ მე მეკუთვნის“. – მარჯან სატრაპი.

#ქალებილიტერატურაში

ბოლო პერიოდში, ირანში განვითარებულმა მოვლენებმა, მაჰსა ამინის სიკვდილმა და საპროტესტო ტალღამ ყველას გაგვახსენა თავისუფლებითა და გამბედაობით გამორჩეული ირანელი მწერალი, კინორეჟისორი და ილუსტრატორი მარჯან სატრაპი.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ავტობიოგრაფიული გრაფიკული რომანი “პერსეპოლისი”, რომელიც ავტორმა 2000 წელს გამოაქვეყნა. მარჯან სატრაპის „პერსეპოლისი“ სევდით, გულწრფელობითა და იუმორით გვიხატავს ირანელი გოგონას ცხოვრებას და მისი ყოველდღიურობით ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდსაც ასახავს. მარჯი 1979 წლის ისლამური რევოლუციის პარალელურად, მოგვითხრობს იმ სიძნელეებზე, რაც თან ახლავს თავისუფალი ქალის ცხოვრებას ირანში. გრაფიკული რომანი მარჯანის ბავშვობიდან იწყება და მკითხველი მისი თვალით დანახულ ირანს უყურებს, სადაც ხელისუფლებამ სიმართლისა და სამართლიანობის შესახებ არაფერი იცის, უთანასწორობა კი იმდენად ხშირი მოვლენაა, რომ ადამიანებისთვის თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ახალ წესებს 10 წლის მარჯანი დასცინის, შინაგანად პროტესტს უცხადებს ყველანაირ შეზღუდვას, თუმცა ერთი ბავშვის პროტესტი არ აღმოჩნდა საკმარისი ცვლილებებისთვის. მარჯან სატრაპი ოჯახის გადაწყვეტილებით ვენაში აღმოჩნდება და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ განათლებული, ისლამურ ფანატიზმთან დაპირისპირებული ოჯახიდანაა, უჭირს ევროპულ კულტურასთან შეგუება. ირანელებს უცხოელები სტერეოტიპულად აღიქვამდნენ და ამ სტერეოტიპების მავნე ზეგავლენას მარჯანი ლამის ყოველ ნაბიჯზე ეჩეხებოდა. სწორედ ამიტომ ის ირანში დაბრუნებას გადაწყვეტს.

ირანში დაბრუნებული მარჯანი აღმოაჩენს, რომ სიღარიბის, შეზღუდვებისა და ჩაკეტილობის მიუხედავად, არსებობენ თავისუფალი ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება ჯერ კიდევ ფასეულია. მათი დახმარებით ცდილობს, ადაპტირდეს სახეშეცვლილ ირანში, თუმცა საბოლოოდ ის ტოვებს თავის ქვეყანას და საფრანგეთში მიემგზავრება საცხოვრებლად.

ასე აღმოჩნდა თავისუფლებამოყვარული მარჯანი თავისუფალ ქვეყანაში, სადაც თავსაბურავის ტარება ქალის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. სირთულეების მიუხედავად კი, მისი წიგნი “პერსეპოლისი” სავსეა ოჯახისა და თავისუფლების სიყვარულით.

წიგნი – https://www.sulakauri.ge/wignebi/persepolisi/