“მე ვიცნობ პატარა, მწუხარე ფერიას.
იგი ოკეანეში ცხოვრობს,
მისი გული ხის სალამურზე
უკრავს –
მშვიდად, მშვიდად
პატარა, მწუხარე ფერია,
რომელიც ყოველღამ კოცნით კვდება
და ყოველ დილით კოცნითვე იბადება”. – ფორუღ ფაროხზადი, მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე

ფორუღ ფაროხზადი მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ირანელი მწერალი იყო, რომელსაც საკუთარი ლექსების გამო თან ლანძღავდნენ და ამავდროულად პატივს სცემდნენ. ის ხშირად ექცეოდა ტაბლოიდური ჭორების გარემოცვაში, რაზეც პირველი კრებულის გამოცემის შემდეგ თავად თქვა: „ალბათ იმიტომ, რომ ჩემამდე არცერთმა ქალმა არ გადადგა ნაბიჯები ქალების ხელებისა და ფეხების ბორკილებისგან გასათავისუფლებად, მე ვარ პირველი, ვინც ეს გააკეთა და ამან სხვები ჩემთან დააპირისპირა”.
#Femwiki

ქალების შინაგანი სამყაროს გადმოცემა, ინტიმურობა, მწუხარება და ლტოლვა – მისი ლექსებით ის სცილდებოდა იმ საზღვრებს, რისი წარმოთქმაც ან ქაღალდზე გადატანაც ქალებს შეეძლოთ და ამით გამოხატავდა პროტესტს არსებული მდგომარეობის მიმართ. ფიქრობდა, რომ ქალები ტრადიციული როლებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა სწამდა, რომ მათი, ისევე როგორც მისი, შესაძლებლობები უსაზღვრო იყო.

16 წლის იყო, როცა დაქორწინდა იმ იმედით, რომ თავისუფლებას მოიპოვებდა, თავს დააღწევდა უსამართლობას, თუმცა სამი წლის შემდეგ, შვილით ხელში მარტო დარჩა. მისი პოეზიის “ამორალური ხასიათის” გამო ფორუღს დედობის უფლება ჩამოართვეს და საკუთარი შვილის ნახვა აუკრძალეს.

როდესაც რადიო ინტერვიუერმა მისი ლექსები „ფემინურად“ დაახასიათა, ფორუღმა ეს აზრი უარყო: „მთავარი ადამიანობაა და არა კაცი ან ქალი, თუ ლექსს შეუძლია ამ ნიშნულამდე მიღწევა, ის უკვე დაკავშირებულია არა მის შემოქმედთან, არამედ პოეზიის სამყაროსთან“.

დიდხანს ებრძოდა მენტალურ პრობლემებს. მას შემდეგ, რაც პირველად სცადა თვითმკვლელობა ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1962 წელს, მოკლე დოკუმენტური ფილმი “სახლი შავია” გადაიღო კეთროვანთა კოლონიის შესახებ, სადაც 12 დღე გაატარა. ფაროხზადის მიერ საკუთარი ლექსებით მოთხრობილი ფილმი ასახავს კოლონიას, რომელიც ირანული საზოგადოების ალეგორიაა.

1969 წელს ფორუღ ფაროხზადი ავარიამ იმსხვერპლა. მისი არამხოლოდ შემოქმედება, არამედ მთელი ცხოვრება ერთგვარი დაპირისპირება იყო წარმომავლობასთან. თვითგადარჩენის ბრძოლაში გაზრდილი ფორუღი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მის ლექსებს მიღმა ვიღაც აუცილებლად გაიგებდა მისი სულის ძახილს. როგორც ამბობენ, ფორუღი – ეს არის სინათლე, რომელიც შვა ტკივილმა.