მიშელ ობამა – ადვოკატი, რამდენიმე წიგნის ავტორი და აშშ-ს პირველი ფერადკანიანი პირველი ლედი. #FemWiki

მიშელი წარმატებული საადვოკატო საქმიანობისა და წიგნების ავტორობის გარდა მოტივაციური საჯარო გამოსვლებითაც არის ცნობილი. იგი წლების განმავლობაში ეწეოდა და ეწევა თავისუფლებისა და განათლების პოპულარიზაციას. განსაკუთრებით ზრუნავს გოგონების განათლებაზე, რადგან მიაჩნია, რომ განათლება წარმატებისა და “ამერიკული ოცნების” ასრულების უმთავრესი გასაღებია. ამისათვის მას შექმნილი აქვს საქველმოქმედო ფონდიც, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულ მილიონობით ღარიბ გოგონას განათლების მიღებაში ეხმარება.

განათლების გარდა მიშელი სიტყვით გამოსვლების დიდ ნაწილს უთმობს ემიგრანტებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ საუბარსაც. იგი ფიქრობს, რომ ქვეყნებს შორის კედლების აშენება არასწორია და რომ საკუთარი ოცნებების ასასრულებლად ბძროლის შანსი ყველას უნდა მიეცეს.

მიშელი დიდ რესურსს ხარჯავს ჯანსაღი კვებისა და სპორტის პოპულარიზაციაშიც. იგი ამერიკელებს სწრაფი კვების შემცირებისა და ბოსტნეულის რაციონის გაზრდისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ მიშელი თეთრ სახლში ცხოვრებისას თავად უვლიდა საკუთარ ბოსტანსა და ბაღს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიშელ ობამა 21-ე საუკუნის წარმატებული, ძლიერი და დამოუკიდებელი ქალის სიმბოლოა, რომელმაც დაამტკიცა, რომ კარგი განათლების ქონის შემთხვევაში არც ერთი ოცნების ასრულება არ არის შეუძლებელი.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation