ნუცამ და ანამ ერთმანეთი დაახლოებით 7 წლის წინ გაიცნეს. ისინი ხელოვნების წრეზე შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან მოკლე დროში კარგ მეგობრებად იქცნენ. ანასთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა თავისივე სქესის წარმომადგენელი მოეწონა და მაშინვე ჩაკლა ეს აზრი თავში, ისე, რომ ნუცასთვის არაფერი გაუმხელია. საკუთარ თავთან 7 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 23 წლის ასაკში გაბედა ყველაფრის აღიარება და ნუცას სიყვარულში გამოუტყდა. ისინი დღეს ერთად ცხოვრობენ და ბედნიერები არიან.
ანასა და ნუცას ქამინგ აუთს ბევრი წინააღმდეგობა მოყვა. განსაკუთრებით ოჯახის წევრებისა და ნათესავების მხრიდან. ნელ-ნელა მათი მეგობრებიც შეცოტავდნენ.
„ჩვენს ქამინგ აუთს ბევრი ცუდი მოჰყვა. არ არის მარტივი, მართლა არ არის მარტივი. ძალიან ბევრ რაღაცაზე გიწევს უარის თქმა. და ძალიან ბევრი ამბობს შენზე უარს. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, ერთი წამით არ მინანია ჩემი გადაწყვეტილება, რომ მე ავდექი და წამოვედი ანასთან ერთად, ჩემი საკუთარი სახლიდან.“ – ნუცა.
ნუცასთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე მაშინ იყო, როცა მაღაზიიდან ამოსულს, სახლი ცარიელი დახვდა.
„მაღაზიაში გასვლისას ანა ძლიერად ჩამეხუტა. ხუმრობით ვკითხე, რა იყო ჯარში მიშვებთქო? ამოვდივარ სახლში. წერილი დევს მაგიდაზე. ვურეკავ ანას, დაბლოკილია ნომერი. ფეისბუქზეც დაბლოკილი ვარ.“ – ნუცა
„ჩემი ოჯახისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვეღარ გავუძელი. ჩემი წასვლის ერთადერთი მიზანი, იყო ის, რომ მეგონა ნუცა დაიღლებოდა, ვეღარ გაუძლებდა ამ ყველაფერს. მეგონა, რომ ნუცას ბედნიერების შანსს ვაძლებდი ჩემი წასვლით”- ანა
„არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ანას ეგონა, მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაც ერთად გამოვიარეთ, მის გარეშე ბედნიერი ვიქნებოდი. ადამიანები რომ ჰაერის გარეშე ვერ ძლებენ, ეგრე ვარ ანას გარეშე. ანას გარეშე არაფერი არ მინდა“.- ნუცა.
ანა და ნუცა დაქორწინებას გეგმავენ და ძალიან უნდათ ერთ დღეს შვილიც ჰყავდეთ. ისინი მომავალში ქვეყნის დატოვებასაც განიხილავენ.
„სიმართლე რომ გითხრა მეშინია ბავშვის ყოლა. პასუხისმგებლობის არა, ხალხის ალბათ უფრო. მე პირველ რიგში ის არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა ის ნახოს, რაც მე და ანამ გამოვიარეთ. ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა ყველანაირად ექნება. მაგრამ ყოველთვის გარეთ ვერ გაყვები.
ქვეყნის დატოვებაზე ხშირად გვიფიქრია. მაგრამ ვიცი რომ კარგი და ცუდი ყველგან არის. ძალიან მეშინია, რომ დავტოვოთ ეს ყველაფერი და იქაც ვერ ავეწყოთ, იქაც რომ იგივე დაგვხვდეს, იქაც რომ გამოჩნდეს ვიღაც, ვისაც არ მოეწონება ჩვენი სიყვარული. შიში იმდენად ცხოვრობს ჩვენში, რომ თითქოს ვერ რისკავ. უნდა გარისკო. შიშს აქ ვერ დატოვებ და ისე ვერ წახვალ. ვერც პრობლემებს. მაგრამ სჯობს გარისკო და დამარცხდე. ის მაინც გეცოდინება, რომ სცადე. საზღვრები რომ გაიხსნება გვინდა ვცადოთ.“ – ნუცა.
„ჩემს ქვეყანაში, იქ სადაც დავიბადე, იქ სადაც ფეხი ავიდგი და პირველი სიტყვა ვთქვი, არ მინდა რომ არსებობდეს აკრძალული სიყვარული. მინდა რომ ყველას სიყვარული იყოს ერთი სიყვარული. და გამონაკლის სიყვარულს არ ერქვას აკრძალული სიყვარული. მინდა, რომ ვიღაცეებმა ამას ცოდვა არ უწოდონ. იმიტომ რომ თუ ისევ რელიგიიდან გამოვდივართ და ვამბობთ, რომ ყველას ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და ზოგადად სიყვარული უნდა სუფევდეს, ყველანაირი სიყვარული მისაღები უნდა იყოს ყველასთვის” – ანა
პანდემიამ ანასა და ნუცას მდგომარეობაზე ძალიან იმოქმედა. ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ, ისინი ქირით ცხოვრობდნენ. პანდემიის დროს კი უმუშევრები დარჩნენ. ფინანსური შემოსავლის არ არსებობის გამო, ქირის გადახდა გაუჭირდათ და საცხოვრებელი ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ამიტომ იძულებულები გახდნენ ბანკიდან სესხი გამოტანათ.
„ზოგჯერ ისე ვიყავით, რომ საჭმლის ფულიც არ გვქონდა. ძალიან დაგვეხმარა ჩვენი ყულაბა. ხურდები ეძახე და რამდენიმე დღე გადაგვატანინა“.
ანასა და ნუცასგან განსხვავებით, ბევრმა სესხის აღებაც ვერ შეძლო.
საქართველოში ქვიარ ადამიანებისთვის თავშესაფარი არ არსებობს. ბევრი მათგანისთვის სახლიდან წამოსვლა ხშირად ოჯახური ძალადობისგან თავდაცვის ერთადერთი გზაა. საკუთარი თავის ამარად დარჩენილი, საზოგადოებისგან გარიყული ქვიარ ადამიანები ხშირად რჩებიან ქუჩაში, უსახლკაროდ. სახელმწიფო კი მათზე არ ზრუნავს.
ფოტოგრაფი: მანო სვანიძე
პროექტის მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia
#ქვიართავშესაფარი #queershelter





