#შეიmeცნე
ორსულობა ადამიანის ნორმალური, ფიზიოლოგიური მდგომარეობაა. ორსულობის ცხრა თვის მანძილზე ბავშვის და მისი მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის.
ორსულობის დადგომამდე, მნიშვნელოვანია ზოგადი ჯანმრთელობის შემოწმება და ექიმთან ვიზიტი. უნდა დარწმუნდეთ, რომ არ გაქვთ სქესობრივად გადამდები დაავადებები. თუ აღმოგაჩნდათ, თქვენც და თქვენმა პატრიორმაც უნდა იმკურნალოთ დაორსულებამდე; თუ გაქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება (მაგალითად, დიაბეტი, ეპილეფსია და სხვ.) მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი ჯანმრთელობა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
ორსულობის პირველად ნიშნებად ითვლება:
გამოტოვებული მენსტრუაცია
გულისრევა
ადვილად დაღლა
გახშირებული შარდვა
ზოგიერთი საკვების და სასმელის შეძულება
საშოდან გამონადენის რაოდენობის მატება
ადრეულ ეტაპზე ორსულობის დადასტურება ხდება სპეციალური ტესტებით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია შარდში ან სისხლში ორსულობისათვის სპეციფიური ჰორმონის – ქორიონული გონადოტროპინის აღმოჩენა. ეს ტესტები დადებით პასუხს აჩვენებს ჩასახვიდან უკვე 10 დღის შემდეგ, 2-3 კვირის განმავლობაში. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტესტების შედეგი, ხანდახან, შეიძლება მცდარიც იყოს. რაც შეეხება ულტრაბგერით გამოკვლევას – ეს ხდება უფრო მოგვიანებით – გამოტოვებული მენსტრუაციის პერიოდიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ორსულობის ვადები განსხვავებული და ინდივიდუალურია ყველა ადამიანის შემთხვევაში. საშუალოდ, ორსულობა გრძელდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 280 დღის (40 კვირის) განმავლობაში. მშობიარობის სავარაუდო ვადას კი, პირადი ექიმი ადგენს. თუ მშობიარობა 37 კვირაზე ადრე იწყება, ნაადრევ მშობიარობას უწოდებენ, თუ 42 კვირაზე მეტად გვიანდება – ეს ვადაგადაცილებული მშობიარობაა.
ორსულობის პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის მიზანშეწონილება, ვადები და სიხშირე აუცილებლად ექიმის რჩევით უნდა განსაზღვროთ. ზოგადად ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისას სქესობრივი კონტაქტი შეიძლება, თუმცა გარკვეულ პერიოდებში ის მაინც შეიცავს რისკს, ამიტომ პირადი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებელია.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას და ვარჯიშს, ყველა ორსულისთვის ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს ვარჯიშის ტიპი, ვარჯიშის ჩატარების სიხშირე, ხანგრძლივობა, ინტენსივობა და სირთულე.

