როცა ზუსტად იცი, რომ დღეს საღამომდე კონკრეტული დავალება უნდა შეასრულო, მაგრამ ამის ნაცვლად სახლს ალაგებ, ან უბრალოდ სევდიან ფილმს უყურებ – იცი რა ჰქვია ამ ყველაფერს?

თუ მსგავს სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილხარ, ალბათ უკვე გეცოდინება, რომ ამ მდგომარეობას პროკრასტინაცია ჰქვია, შენ კი პროკრასტინატორი ხარ.

პროკრასტინაცია დავალებებისა და საქმეების გადადებას გულისხმობს მაშინაც კი, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამისთვის საკადრისად “დაისჯები”. მეცნიერების აზრით, პროკრასტინაციას განვიცდით არა სამუშაოს ასარიდებლად, არამედ ნეგატიური ემოციებისგან თავის დაცვის იმედით და სურვილით. ადამიანებს პროკრასტინაცია მაშინ გვეუფლება, როცა შესასრულებელი საქმე ჩვენში შფოთვას, დაბნეულობასა და უარყოფით ემოციებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ გადადებული საქმე თავიდან თავს მშვიდად და კარგად გვაგრძნობინებს, საბოლოოდ მას უარეს, დანაშაულის შეგრძნებამდე მივყავართ.

თუ აქამდე ფიქრობდი, რომ გადადებული საქმეების მიზეზი მხოლოდ სიზარმაცეში უნდა ეძებო, გახსოვდეს, რომ პროკრასტინაცია სიზარმაცე არ არის, თუმცა არც დაავადებაა – ეს ერთგვარი გამოწვევაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გაუმკლავდე და ისწავლო, როგორ მართო საკუთარი ემოციები ნებისმიერი დავალების შესრულებისას.