რუსა სახეჩიძე, 28 წლის ‍♀️

“პირდაპირ გეტყვით! საშინელი შეგრძნებაა, როდესაც საზოგადოებრივი “სილამაზის სტანდარტის” გამო სახეს მალავ. ჩემი სახე, რაც დავიბადე, ასეთია, მე ის “სხვანაირი” არასდროს მინახავს და არც მინდა ვნახო.

საკმაოდ დამთრგუნველია ბავშვისთვის, როდესაც მისი ცხოვრება პლასტიკურ ქირურგებთან თრევით გადის და როცა მშობლები გაქებენ ამ კომპოზიციით: “შენ ძალიან კარგი გოგო ხარ,” და უცბად “არაუშავს მაგასაც მივხედავთ”… “შენ რა, იმან იდარდოს ვინც შენ გიყურებს”.

მუდამ დამყვებოდა მზერა, შეკითხვები და რჩევები თუ როგორ უნდა გავთავისუფლებულიყავი ამ საშინელი ლაქისგან.

იყო დრო, როცა არავის ნახვა მინდოდა, სახლიდან გასვლაც არ მინდოდა. ახალი ადამიანები ამ ფრაზით მეცნობოდნენ “გამარჯობა, სახეზე რა გაქვს?” 18 წელი გავიდა ამ ქირურგების კონსულტაციებში. სიმართლე გითხრთ, მე არასდროს მდომებია ოპერაციის გაკეთება და ალბათ ამიტომაც არ გამოვიდა ეს ამბავი.

ვცდილობდი ყველას მოვწონებოდი, მიუხედავად ჩემი “ამხელა ნაკლისა”. ვიხდიდი მადლობებს და რაღაც სრულიად გაუგონარ თვითგვემაში, მარაზმში ვიყავი.

ბევრი წელი დავკარგე იმისთვის რომ ჩემი თავი შემეყვარებინა, სანამ თავად არ გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი მე მაზიანებდა, მანამ არაფერი შეიცვალა.

როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელზეც ყოველთვის მთელი გულით ვფიქრობდი და წარმოვიდგენდი მასთან ურთიერთობას, გავაწამე ჩემი კომპლექსებით, რისთვისაც ბოდიშსაც და მადლობასაც თანაბრად ვუხდი. ძვირფასო, ვფიქრობ დღეს უკვე ამ თემაზე შეგვიძლია თამამად ვიცინოთ ერთად. ჩემი მიზანია, დაფიქრდეთ რამდენ ადამიანს ჩვენი “უბრალო” მზერით, ჩვენი “უბრალო” ცნობისმოყვარეობით ვურთულებთ ცხოვრებას.

რაც მალე ჩამოვიშორებთ სტიგმებს, მით მალე გადავალთ საზოგადოების განვითარების მაღალ საფეხურზე, რასაც მეტი კომფორტი, სიმშვიდე და ღიმილი მოაქვს.

მადლობა ამ თემის წინ წამოწევისთვის. იმედი მაქვს, მიზანს – თავისუფლება, თანასწორობა, პატივისცემა – მალე მივაღწევთ.”

წიგნის სანახავად გადადით ბმულზე: https://selflovestories.ge/