“სიმართლე რომ ვთქვა, დაახლოებით, 21 წელი მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არსადაც არ წავიდოდი, მაგრამ მერე შეიცვალა ყველაფერი – ქვეყანა და ხალხიც. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ამ 2-3 წელიწადში თავდაყირა დადგა ყველაფერი. ვეღარ ვხვდებოდი, როგორ უნდა მეცხოვრა ქვეყანაში, სადაც თითქმის არავის არაფრის მიღება და მოსმენა არ უნდა, ქვეყანაში, სადაც სიყვარულიც კი უარყვეს და გარიყეს და განა არ შეუძლიათ, უბრალოდ არ უნდათ.
საბოლოოდ შარშან ზაფხულს მოვკიდე ჩემთავს ხელი და წამოვედი.

საბედნიეროდ, ბევრჯერ არ მომიწია ჰომოფობებთან შერკინება, მაგრამ ის ყოველდღიურობა, რაც საქართველოში იყო, ამდენი სიძულვილი ადამიანებში, რა თქმა უნდა, ძალიან დამღლელი და სტრესული იყო ჩემთვის. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საქართველოდან წამოსვლის – განწყობასთან ბრძოლა აღარ მომიწევდა.

ის მოსაზრება, რომ საქართველოდან წამოსვლა და მერე ახალ ქვეყანაში ცხოვრების დაწყება მარტივია, რაღაც მხრიც მართალიცაა, მაგრამ პირველი თვეები უცხო ქვეყანაში არც ისე ფერადია, როგორც ეს შორიდან ჩანს. თუ გაგიმართლებს საერთო საცხოვრებელში მოხვდები, თუ არადა ქუჩაში ცხოვრება მოგიწევს. სამი თვე ველოდებოდი სტატუსის აღებას, მერე უკვე ჩვეულებრივ დავიწყე ცხოვრება.

სამწუხაროდ, დღეს, საქართველოში დაბრუნება ცოტა წარმოუდგენლად მეჩვენება. რაც წამოვედი, ისევ სულ საშინელებები მესმის. ძალიან მინდა, რამე შეიცვალოს, რომ დაბრუნება და ისევ საქართველოში ცხოვრება შევძლო, მაგრამ ჯერ ეს შეუძლებელია. ახლა მხოლოდ სტუმრად ჩამოსვლა შემიძლია”.