
სოციალურ ქსელებში არსებული სილამაზის ფილტრები ცვლის ახალგაზრდა გოგონების ხედვას საკუთარ გარეგნობაზე.
დღეს, უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონები, იყენებს ფილტრებს, რომლებიც „ალამაზებს“ მათ და ერთგვარ სტანდარტში აქცევს – კონკრეტული ზომის და ფორმის ცხვირი, შეცვლილი თვალის ფორმა და თმის ფერი, აწეული წარბები.
სახის ფილტრების მუდმივი გამოყენებით, ახალგაზრდა გოგონები რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ თავს. მეცნიერების თქმით, ისინი ე.წ. ექსპერიმენტის სუბიექტები არიან, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ ცვლის ტექნოლოგია ჩვენს იდენტობას, საკუთარი თავის წარმოჩენის უნარს და სხვებთან ურთიერთობას. და ეს ყველაფერი ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხდება.
ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ სხვადასხვა ტიპის სილამაზის ფილტრების გამოყენება ზრდის შფოთვისა და საკუთარი სხეულის მიმართ უკმაყოფილების განცდას, აყალიბებს დაბალ თვითშეფასებას, ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს. ასევე, სტატისტიკურად გაიზარდა ქირურგიული და კოსმეტოლოგიური ჩარევების რიცხვი.
როდესაც განსხვავება არსებობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსა და რეალურ სახეს შორის, რომელსაც ყოველდღიურად სარკეში ვხედავთ, ლოგიკურია, რომ ამას თან ახლავს მთელი რიგი უარყოფითი შედეგი, რამაც საბოლოოდ შეიძლება სხეულის დისმორფიამდე მიგვიყვანოს.
