
ტკივილს, რომელსაც ადამიანი სექსუალური კონტაქტის დროს გენიტალიის არეში განიცდის, დისპარეუნია ჰქვია.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევების მიხედვით, ქალების დაახლოებით 7% განიცდის ტკივილს სექსის დროს, ამ საკითხზე ბევრი მათგანი არ საუბრობს, ხშირად პარტნიორსაც უმალავენ, რაც, რა თქმა უნდა, სიტუაციას უფრო მეტად ამძიმებს.
დისპარეუნია უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცები, გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს, ძირითად შემთხვევებში, დისპარეუნია განკურნებადია.
დისპარეუნიის გამომწვევ ფაქტორებზე საუბრისას, გამოყოფენ ფიზიკურ და ემოიცურ ფაქტორებს, რაც თანაბრად ახდენს გავლენას ადამიანის ფიზიკურ შეგრძნებებზე.
ფიზიკურ ფაქტორებში გამოყოფენ ენდომეტრიოზს, მენჯის ანთებით დაავადებებს, ვაგინალურ სიმშრალეს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს მენოპაუზით, მშობიარობის შემდგომი პერიოდით, ძუძუთი კვებით; სექსუალური აქტის დროს ტკივილს ასევე შეიძლება იწვევდეს კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც იწვევენ წყლულოვან გამონაყარს, ქავილს და წვის შეგრძნებას.
ბევრი ფაქტორი არსებობს, რაც ადამიანის სექსუალურ აღგზნებადობაზე ან სექსის ქონის სურვილზე ახდენს გავლენას. ეს ფაქტორები ხშირ შემთხვევაში დისპარეუნიას იწვევენ.
ემოციური მდგომარეობა, შიში, დანაშაულის შეგრძნება ან სექსთან დაკავშირებული სირცხვილის შეგრძნება; მედიკამენტები, მათ შორის არასწორად შერჩეული კონტრაცეფცტივები, პრობლემები პარტიორთან ურთიერთობაში – როცა პარტნიორთან თავს თავისუფლად არ გრძნობ – ამ ფაქტორებმა შესაძლოა დისპარეუნიამდე მიგიყვანოთ.
დისპარეუნია ძალიან ჰგავს მენსტრუალურ ტკივილს. ახასიათებს ტკივილი საშვილოსნოს, ვაგინისა და შარდის ბუშტის არეში, მენჯის არეში, მათ შორის, ტამპონის გამოყენებისას.
დისპარეუნიის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზებებზე, შესაბამისად მკურნალობის მეთოდები განსხვავდება და ინდივიდუალურია თითოეული ადამიანის შემთხვევაში.
არც ერთი სამედიცინო დიაგნოზი, ან ფიზიკური/ემოციური შეგრძნება სასირცხვილო არ არის, არც სექსთან დაკავშირებული ემოციებისა და შეგრძნებების გაზიარებაა სირცხვილი. მთავარი გასაღები პრობლემის მოგვარებისთვის ღია კომუნიკაციაა.
სექსუალური კავშირის მთავარი მიზანი პოზიტიური უნდა იყოს – ორივე პარტნიორი უნდა ცდილობდეს, იზრუნოს როგორც საკუთარი თავის, ასევე მეორე ადამიანის სიამოვნებაზე. ტკივილის დამალვა ან მოთმენა დაშორების ან უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, ჯანსაღი გამოსავალი არ არის.
თუ სექსუალური კავშირის დროს ან შემდეგ, გრძნობთ ტკივილს და დისკომფორტს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. უამრავი საშუალება არსებობს, რაც თქვენს ტკივილს შეამსუბუქებს, ამიტომ არ მოითმინოთ, არ დამალოთ.
