
უკრაინელებს ჯერ კიდევ ახსოვთ ჰოლოდომორი. ზუსტად 90 წელი გავიდა 1932 წლის შემდეგ. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთმა საბჭოთა უკრაინის განადგურება ჰოლოდომორით, ანუ შიმშილით სიკვდილით გადაწყვიტა. ისტორიამ ჰოლოდომორი მსოფლიოში უპრეცედენტო აგრესიად შეაფასა.
კრემლმა ისეთი საცხოვრებელი პირობები შექმნა, რომელიც უკრაინელი ერის განადგურებას ემსახურებოდა – მათ საკვებ პროდუქტებზე წვდომა სრულად აეკრძალათ.
უკრაინელებს ე.წ. „შიმშილის ზონიდან“ გასვლა არ შეეძლოთ. მსგავსი ბრძანება სსრკ-ის არცერთი ადმინისტრაციული რეგიონის მიმართ არ გამოცემულა.
უკრაინელები ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა წყობას, ცდილოდბენ, ბოლომდე შეენახათ ეროვნული ტრადიციები. იმპერიის ხელისუფლება კი მიხვდა, რომ თუ არ დათრგუნავდა უკრაინას და არ მოსპობდა უკრაინის ეროვნულ ცნობიერებას, შემდეგ უკვე რუსული ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა მათ დამორჩილებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს დაეხოცათ უკრაინელთა დიდი ნაწილი, უკიდურესად დაესუსტებინათ ეროვნული ორგანიზმი, რათა შემდგომში უკრაინელებს აჯანყების და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის თავი აღარ ჰქონოდათ.
მიუხედავად იმისა, რომ სტალინის პოლიტიკამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ ვერ შეძლეს უკრაინის დამოუკიდებლობის მისწრაფებების ჩახშობა.
ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა სავარაუდოა, რომ 1932-33 წლებში საბჭოთა რეჟიმმა უკრაინის სსრ-ში 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შიმშილით იმსხვერპლა.
