შავი ისტორიის თვის იდეას საფუძველი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ჩაეყარა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული მეცამეტე შესწორებით მონობის საბოლოო აკრძალვიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ. #FemFacts

შავი ისტორიის თვე ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში შავკანიანების შეუცვლელი და გადამწყვეტი როლის აღნიშვნასა და დაფასებას ემსახურება. მეორენაირად შავი ისტორიის თვეს აფრო-ამერიკელთა თვეც ჰქვია, სულ თავიდან კი ეს მოვლენა „ნეგრო ისტორიის კვირად“ იწოდებოდა.

იდეა აფრო-ამერიკელების მიღწევების დაფასებისთვის კვირეული მიეძღვნათ, გამოჩენილ აფრო-ამერიკელ საზოგადო მოღვაწეებს ეკუთვნოდათ, როგორიც იყო მაგალითად ისტორიკოსი კარტერ ვუდსონი. მათ დააარსეს ნეგრო ცხოვრებისა და მათი ისტორიის შემსწავლელი ასოციაცია და მათვე წამოიწყეს „ნეგრო ისტორიის კვირის“ აღნიშვნა. ვუდსონმა აფრო-ამერიკელთა ზეიმისთვის თებერვლის მეორე კვირა აარჩია, რომ ის აბრაამ ლინკოლნისა და ფრედერიკ დუგლასის დაბადების დღეებს დამთხვეოდა.

წლების განმავლობაში მოვლენა გაცილებით მასშტაბური გახდა. ქალაქების მაიორები, წარმოჩენილი პირები ცდილობდნენ ყველას ოფიციალურად ეცნო „ნეგრო ისტორიის კვირა“. სამოქალაქო აქტივისტების მოძრაობებსა და მათ მიერ ცნობიერების ამაღლებას შედეგად ის მოჰყვა, რომ ნეგრო ისტორიის კვირა შავი ისტორიის თვედ და უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა. საბოლოოდ, შავი ისტორიის თვე პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა აღიარა და ხალხს მოუწოდა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოეყენებინათ და დაეფასებინათ ხშირად უარყოფილი შავკანიანი ამერიკელების უდიდესი წვლილი ამერიკის ისტორიის ნებისმიერ ასპექტში. საინტერესოა, რომ შავი ისტორიის თვეს არამხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ ისეთი ქვეყნებიც აღნიშნავენ, როგორებიც მაგალითად კანადა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოა.

თებერვლის შავი ისტორიის თვედ ოფიციალურად აღიარების შემდეგ, მისი აღნიშვნისთვის სპეციფიკური თემატიკაც შემოიღეს. მაგალითად, 2021 წელს თემა შემდეგია: შავკანიანთა ოჯახი: წარმოდგენა, იდენტობა და ნაირსახეობა. თემატიკა კარგად წარმოაჩენს აფრიკული ოჯახების კულტურას, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ.