
შვილის დაბადება მშობლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა. როცა ახალ რეალობაში იღვიძებ, რთულია ყველაფრის ერთად გაცნობიერება. იზოლირებული ხარ, ბევრ რამეს აკლდები, ეს კი დედებისთვის შესაძლოა, საკმაოდ მძიმედ მისაღები აღმოჩნდეს.
გლობალურად, 5-დან ერთი დედა განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას, დეპრესიის დაწყების დრო და ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, რადგან შესაძლებელია დეპრესია ორსულობის პერიოდშიც გამოვლინდეს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ?
ნებისმიერი ტიპის უგუნებობა, რა თქმა უნდა, დეპრესიით არ აიხსნება. თუმცა, პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გვჭირდება ზრუნვა, ყოველდღიურ ფუნქციონირებაში ხელის შეშლაა, ანუ როცა ყველაფერი ისე აღარ არის, როგორც მშობიარობამდე იყო.
სამედიცინო ტერმინოლოგიაში არსებობს “მშობიარობის შემდგომი სევდა“, – ე.წ. ბეიბი ბლუზიც, რომელსაც დეპრესიის სიმპტომები აქვს, თუმცა უფრო მსუბუქი ფორმით, ვლინდება მშობიარობის პირველ დღეებში და დაახლოებით 10 დღემდე გრძელდება.
რა შეიძლება გახდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარების მიზეზი?
ამ კითხვაზე ერთი ცალსახა პასუხი არ არსებობს. გარდა იმისა, რომ ქალის ორგანიზმში ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს, არის სხვა არაერთი ფაქტორი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი. მაგალითად, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სასურველია თუ არა ორსულობა დედისთვის, მშობლის ასაკი და ზოგადი ოჯახური დმგომარეობა.
იმისთვის, რომ დედამ მშობიარობის შემდგომ თავი კარგად იგრძნოს, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფთა ემოციური მხარდაჭერა. არ უნდა ვუთხრათ: “არ არის ამის დრო, ბავშვს ახლა დედის ზრუნვა სჭირდება” – დედამ ეს ისედაც იცის, უბრალოდ იმ მომენტში მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ და ავუხსნათ, რომ ბავშვის კარგად ყოფნისთვის, პირველ რიგში დედის კარგად ყოფნაა აუცილებელი.
თუ ორსული ან ახალნამშობიარები აღმოაჩენ, რომ ხასიათი შეგეცვალა, უიმედოდ გრძნობ თავს და სულ ტირილი გინდა, ეს ნიშანია იმისა, რომ გჭირდება თვითზრუნვა და სტრესისგან გათავისუფლება. უნდა ეცადო, დადებითი ემოციებისკენ მიმართო გონება, თუმცა თუ ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებ, სპეციალისტის (ფსიქოთერაპევტის) დახმარებით აუცილებლად შეძლებ ემოციების კონტროლს და დაუბრუნდები იმ ცხოვრების რიტმს, რომლითაც მანამდე ცხოვრობდი.
