
“ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ, სოფომ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთოსაც იგივე პრობლემა აქვს.
გუშინდელი საღამოდან TBC – თიბისისთან და საქართველოს ბანკთან ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ” “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ. როგორც კი გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, ფილიალის მენეჯერი თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ…დაგველოდეთ,ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე.
ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით.
გვუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.
თუ თიბისი და საქართველოს ბანკი ვერ ხვდებიან, რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო(ქვეყნის გარეთაც) — აუცილებლად გავაგებინებთ.”
“ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.
ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს
24 ოქტომბერს თბილისში “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლების – ეთო ბუზიაშვილის, სოფო გელავასა და მისი მეუღლის – გიორგი ნონიაშვილის სახლები გაჩხრიკეს. ფინანსურმა კომპიუტერული ტექნიკა ამოიღო. გელავა და ბუზიაშვილი რუსულ დეზინფორმაციას იკვლევენ.
