“ცნობადობა იწყებს დიალოგს, რაც ცვლილებებს შესაძლებელს ხდის. ფოტოგრაფია ძლიერი და პირდაპირი ფორმატია, ძალიან უხდება საქართველოს, სადაც ბევრი თემა პრიალა ტურისტული ფასადების ფარდულის ქვეშ იმალება. ასე მგონია, რომ ჩემი ფოტოები და ინდივიდუალური ისტორიები რეგიონების ცხოვრების შესახებ სხვა რეალობას წარმოაჩენს, რაც ფართო სოციალურ განხილვას უწყობს ხელს.”
დამოუკიდებელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, დარო სულაკაური 14 წლის იყო, როცა ფოტოგრაფობა დაიწყო. #FemWiki
ამერიკაში საცხოვრებლად 9 წლის ასაკში გადავიდა, უკან დაბრუნებულმა კი, ქართული კარგად არ იცოდა, ინგლისურად ბევრს ვერავის აგებინებდა, ამიტომ საუბრისა და ემოციების გადმოცემის ერთადერთ საშუალებად ფოტოგრაფია გამოიყენა. იღებდა ყველაფერს – მეგობრებს, ოჯახის წევრებს… კამერა ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცია და როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ წლების შემდეგ გაიაზრა, რომ ფოტოგრაფია მისი სამომავლო პროფესია შეიძლება გამხდარიყო.
პირველი ფოტოპროექტი, სახელად Terror Incognita – პანკისში მცხოვრები ჩეჩნების შესახებ გააკეთა: “პანკისში იმ დროს, 2007-2008 წლებში, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, ვინმეზე თუ გაიგებდი, რომ ჩეჩენია, ის ადამიანი აუცილებლად ტერორისტთან ასოცირდებოდა. მინდოდა, რომ ეს სტერეოტიპი დამერღვია, ამ ისტორიის გადაღება რომ დავასრულე, ბევრმა მომწერა, რომ ეს ადამიანები სულ სხვა კუთხით დაინახეს, ზუსტად მაშინ მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ფოტოგრაფიას და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია, შეიძლება სრულად ყველაფერი ვერ შეცვალო, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, რომ ადამიანებში ცნობიერება ცოტათი მაინც აამაღლო და სულ სხვანაირად დააწყებინო ფიქრი.” (ნაწყვეტი Hammock Magazine-სთვის მიცემული ინტერვიუდან)
როიტერის, ნიუ იორკ თაიმსისა და სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემის რჩეული ფოტოგრაფი ყოველდღიურობაში ჩამალულ ადამიანებს ეძებს და მათი ისტორიები ჩვენამდე მოაქვს. ნაადრევი ქორწინება, ოკუპაცია, მივიწყებული რეგიონები, სოციალური პრობლემები და დღევანდელობა – ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, არც ისე დიდ დროს ვუთმობთ საჯარო დიალოგისთვის. ის თავისი ხედვით სცდება სოციალური პრობლემების ფარგლებსაც, თუმცა სწორედ ეს საკითხებია მისი მთავარი ფოკუსი.





