
10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წლევანდელი წლის მთავარი მესიჯია – განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მენტალურ ჯანმრთელობას და ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა სახელმწიფოების პრიორიტეტი გახდეს.
ამ დღის დამაარსებელი ორგანიზაცია, მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია (WFMH) , მიზნად ისახავს, შეამციროს ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია და კიდევ ერთხელ შეახსენოს ადამიანებს, რომ კარგად ყოფნა დაკავშირებულია როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ სიჯანსაღესთან.
მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნება ფსიქიკური დაავადება და მიუხედავად პრობლემის მასშტაბურობისა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.
☀️ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს არ აქვს ასაკი, სქესი, სოციალური სტატუსი და განსაზღვრული დრო. არავინაა დაზღვეული, რომ ერთ დღეს მსგავსი პრობლემით არ გაიღვიძებს. მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების კეთილდღეობაზე – მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა სირცხვილი არ არის.
