2024 წლის 28 აგვისტოს, მდინარე ჭაჩხურის კალაპოტში ადგილობრივებმა 23 წლის თემო ხადურის ცხედარი იპოვეს. მანამდე კი თემოს ოჯახი 3 დღე-ღამის განმავლობაში უშედეგოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით ეძებდა.
ექსპერტიზის მიხედვით, ახალგაზრდას აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოებსა და ქუთუთოებზე, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით იყო მიყენებული.
ოჯახის ინფორმაციით, თემო პოლიციელებმა აწამეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, მდინარეში ჩააგდეს. საქმეში დევს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თემო ხადურმა ტყიბულის პოლიციის უფროსის მოადგილის ლაშა ლაბუჩიძის მანქანა დააზიანა, ამ დროს ადგილზე თერჯოლის პოლიციის უფროსის მოადგილე კახაბერ ნებიერიძე მივიდა. ამ წუთიდან თემოს კვალი იკარგება. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ თემო ხადურის დევნის ოპერაცია დაიწყო და მოხდა ჰაერში გასროლაც.
პოლიცია თემოს მინდორ-მინდორ ეძებდა, თუმცა ამის შესახებ საკუთარ ჩვენებებში არაფერი აქვთ ნათქვამი. შესაბამისად, ოჯახმაც არაფერი იცოდა, რომ თურმე, სანამ ოჯახი თემოს დაკარგვის შესახებ პოლიციას 27 აგვისტოს შეატყობინებდა, 2 დღის განმავლობაში პოლიციას უკვე მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
თეა, რატომ არ არის დღეს თემო ხადური სახლში?