
“ 3 იანვარს 1 წელი გავიდა რაც მამა ჩვენთან ერთად აღარ არის.
ადრე ხშირად ვლაპარაკობდი მასზე, ვწერდი.. ეხლა ვეღარ, რაც დრო გადის უფრო მეტად მიჭირს…
მამა (ონისე საბიაშვილი) 51 წლის იყო და არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია. 2020 წლის დეკემბერში კოვიდის დადასტურებიდან რამდენიმე დღეში, როცა მდგომარეობა დამძიმდა და უკვე სუნთქვა გაუჭირდა, დედამ სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე დარეკა. მამა კლინიკაში გადაიყვანეს. ფილტვების 24 ქულიანი დაზიანებით, სუნთქვის უკმარისობით 3 კვირის განმავლობაში იბრძოლა სიცოცხლისთვის. მაშინ ვაქცინაცია რომ ყოფილიყო, მამა აუცილებლად აიცრებოდა და დარწმუნებული ვარ, სახლში მკურნალობით გადაიტანდა კოვიდს.
წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გრძნობდეს თავს ადამიანი რეანიმაციაში, სადაც ყოველდღე უყურებს როგორ აერთებენ აპარატზე ადამიანებს, როგორ უჩერდებათ გულისცემა, როცა ამასთან ერთად თავად სუნთქვა უბრალოდ არ შეუძლია.
რამდენჯერმე სულელურად ისიც ვცადე, რომ სუნთქვა შემეკავებინა სადამდეც გავძლებდი.. მინდოდა მცოდნოდა რას გრძნობდა მამა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი რომ ყოფილიყო მსგავს მდგომაროებაში, მამა შეუძლებელს შეძლებდა. მას ყველა ასე იცნობდა – ადამიანი, რომელსაც ყველაფრის მოგვარება შეეძლო, ვინც ყველაზე რთული სიტუაციიდანაც იპოვიდა გამოსავალს.
შეიძლება ჩვენც მეტი უნდა გაგვეკეთებინა. იმდენად მიჩვეულები ვიყავით მთელი ცხოვრება, რომ მას უნდა ეზრუნა ჩვენზე, როცა თავად დავჭირდით, თითქოს ვერ გავაკეთეთ საკმარისი.. ეს განცდა და სინანული არ მტოვებს…
საღამოობით ჯერ კიდევ მამას ზარის მოლოდინში ვარ, წესად ჰქონდა ყოველ საღამოს დარეკვა და ჩემს შვილთან ლაპარაკი მთელი დღის ამბების მოსაყოლად.
ჩემთვის სასიამოვნო მომენტები თან რაღაცნაირად მტკივნეულიც არის, სულ იმაზე მეფიქრება, რომ მამასთან მათი გაზიარება აღარ შემიძლია, რომ ის ამ ყველაფრის მონაწილე აღარ არის. მამა იყო პირველი, ვისაც ყველა კარგ ამბავზე ვურეკავდი, განსაკუთრებით თუ ეს სამსახურის ამბებს ეხებოდა, მინდოდა ეამაყა ჩემით…
სულ ვამბობ, რომ მამასნაირი ღიმილი და სიყვარულით სავსე გამოხედვა არავის აქვს! ყველაზე მეტად მიყვარდა ის მომენტი, როცა მასთან მისულს კარს გამიღებდა, ისე უბრწყინდებოდა ხოლმე თვალები, უსიტყვოდაც ვგრძნობდი, როგორ უხაროდა ჩემი დანახვა.
ძალიან რთულია მის გარეშე, უფრო და უფრო მტკივნეული… მაგრამ თითქოს ძალა მოგვცა. ეხლა, როცა გვერდით აღარ გვყავს ადამიანი, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში დავეყრდნობოდით, თითქოს გავძლიერდით. იმიტომ, რომ მამა გვყავდა მე და ჩემს და-ძმას სიძლიერის, ზრუნვისა და უდიდესი შრომის მაგალითი.
სიზმერებში ხშირად ვხედავ ხოლმე, ვგრძნობ რომ იქიდანაც მეხმარება. აქამდე თუ დედამიწაზე მყავდა მთავარი დამცველი და მხარდამჭერი, ეხლა მფარველი ანგელოზი მყავს, რომელიც ვიცი, რომ ყოველთვის ჩემთანაა.”
.
Keta Sabiashvili
მასალა მომზადებულია პროექტის Queer resilience ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. აქტივობა მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას COVID-19-ის მავნე ზეგავლენის შესახებ და ცნობიერების ამაღლებას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
