7 რამ, რაც ინტიმური ჰიგიენის შესახებ უნდა იცოდეთ:

ქალის სასქესო ორგანოებში არსებული მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ ისეთ ნივთიერებებს, რითიც ერთგვარ დამცავ ბარიერს ქმნიან და ხელს უშლიან საშოში მიკროფლორის დარღვევასა და ვაგინალური ინფექციების განვითარებას.

საშოს აქვს თვითგაწმენდის ფუნქცია, ანუ შეუძლია თავადვე გაანადგუროს მასში მოხვედრილი მავნე მიკრობები. ადამიანის კანის მჟავატუტოვანი ბალანსი განსხვავდება საშოში არსებული ბალანსისგან, ამიტომ კანისთვის განკუთვნილი საპნით გენიტალიების დაბანა არ არის სასურველი. არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალება საშოს მჟავატუტოვან ბალანსს არღვევს და მავნე მიკრობები მარტივად მრავლდებიან. ამიტომ არსებობს ინტიმური ადგილების დასაბანი სპეციალური საშუალებები, რომლებიც სწორედ ამ მჟავატუტოვან ბალანს ინარჩუნებენ.

ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი დასაბანი საშუალებებით უნდა დაიბანოთ მხოლოდ გარეგანი სასქესო ორგანოები და არა საშო.

დაბანისას წყლის ჭავლი და ხელის მოძრაობა მიმართული უნდა იყოს წინიდან უკან, რათა უკანა ტანიდან ბაქტერიები სასქესო ორგანოებში არ მოხდვეს.

დაბანის შემდეგ, შესამშრალებლად უნდა გამოიყენოთ ბუნებრივი ქსოვილის, რბილი პირსახოცი. ბუნებრივია, აუცილებელია რომ ის იყოს პირადი.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური საფენები გამოიცვალოთ დღეში, სულ მცირე, 4-5-ჯერ. რაც უფრო მეტხანს დარჩება საფენი საშოს მიდამოში, მით უფრო იზრდება მავნე ბაქტერიების გამრავლების საფრთხე.

იმ შემთხვაში, თუ მთელი დღე ვერ ახერხებთ სასქესო ორგანოს დაბანას, საუკეთესო გამოსავალია, მისი სპეციალური სველი ხელსახოცებით გაწმენდა. ამ შემთხვევაში, ხელსახოცები არ უნდა შეიცავდეს ალკოჰოლსა თუ არომატიზატორებს.

#შეიMEცნე
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia
ტექსტი: ნინი როხვაძე